საუდის არაბეთში 47 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

საუდის არაბეთში ტერორიზმში ბრალდებული 47 პირი სიკვდილით დასაჯეს. ირანის მხრიდან პროტესტის მიუხედავად, ამ ადამიანებს შორის შიიტი სასულიერო პირი, შეიხი ნიმრ ალ–ნიმრიც აღმოჩნდა. ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ–არაბია“ იუწყება.
ყველა ეს პირი ტერაქტების მოწყობასა და მათ ორგანიზებაში იყვნენ ბრალდებულები. საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიკვდილმისჯილთა უდიდესი ნაწილი 2003–2006 წლებში „ალ-ქაიდას“ მიერ ორგანიზებულ თავდასხმებში მონაწილეობდა.
შეიხი ნიმრ–ალ–ნიმრი 2012 წელს დააკავეს. ის პროვინცია ალ–ქათიფში მასობრივი არეულობის მოწყობაში იყო ბრალდებული. შეიხს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მან საუდის არაბეთის უშიშროების ძალებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, არ ემორჩილებოდა სამეფოს ხელისუფლებას და ქვეყნის საშინაო საქმეებში უცხო სახელმწიფოების ჩარევას მოითხოვდა.
შეიხის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა ირანის ხელისუფლება. ის საუდის არაბეთს შიიტებით დასახლებულ პროვინციებში ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯა ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები