„მანათის გაუფასურებამ შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკაზე და ეროვნულ ვალუტაზეც მოახდინოს გავლენა“

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ „რეპორტიორის“ პრესკლუბში აზერბაიჯანული მანათის გაუფასურების მიზეზები განიხილა. ექსპერტის განცხადებით, მანათის გაუფასურება საქართველოს ეკონომიკაზე და ეროვნულ ვალუტაზეც მოახდენს გავლენას.
“ფინანსურადაც და სავაჭრო ურთიერთობებითაც პარტნიორ და მეზობელ ქვეყნებზე საკმაოდ ვართ დამოკიდებულნი. ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტა, მანათი თითქმის, 50 %-ით გაუფასურდა, იყო იმის შედეგი, რომ აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა „მცურავ“ გაცვლით კურსზე გადასვლის შესახებ განაცხადა. სიტუაციის ბუნებრივ პროცესებზე გადაყვანამ ეროვნული ვალუტის ერთიანად, 50 %-ით გაუფასურება გამოიწვია. უპირველესად, ეს იმით იყო განპირობებული, რომ მანამდე, აზერბაიჯანული მანათი ნავთობზე და მათ ენერგეტიკულ შესაძლებლობებზე იყო დამოკიდებული. ჩვენ კი, ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში, ნავთობის ფასი საკმაოდ ჩამოვიდა და ერთი ბარელის ფასი დაახლოებით, 35 დოლარს უდრის“,-განაცხადა ექსპერტმა.
ანგურიძემ საქართველოში აზერბაიჯანულ ინვესტიციებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აზერბაიჯანი სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია.
„ექსპორტის ნაწილში აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემთხვევაში, ეს არის დაახლოებით, 35% აზერბაიჯანული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში, რაც თანხობრივად, საკმაოდ მოცულობითია და 392 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეს ინვესტიციების ნაწილში პირველი სამი კვარტლის მონაცემებია, პოზიტიურია მოლოდინი იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანული ინვესტიციები მეოთხე კვარტალშიც საკმაოდ სოლიდური იყოს“, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები