გიორგი ვოლსკი – „ტვ პირველის“ წინააღმდეგ ბანკი „ქართუს“ საჩივარზე: აქ პოლიტიკური მიზანია ჩადებული, რომ როგორმე დაზიანდეს ბიძინა ივანიშვილი
აქ პოლიტიკური მიზანია ჩადებული, რომ როგორმე დაზიანდეს ბიძინა ივანიშვილი, როგორმე ბანკი, რომელიც ეკუთვნის საქველმოქმედო ფონდს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ტვ პირველის“ წინააღმდეგ ბანკი „ქართუს“ საჩივართან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არხი პირდაპირ ახორციელებს შეტევას ბანკი „ქართუს“ წინააღმდეგ, რომელიც ფონდი „ქართუს“ საკუთრებაა.
„რასაკვირველია აქ, პოლიტიკური მიზანია ჩადებული, რომ როგორმე დაზიანდეს ბიძინა ივანიშვილი, როგორმე ბანკი, რომელიც ეკუთვნის საქველმოქმედო ფონდს ჯერ კიდევ 2019 წლიდან. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბანკის შემოსავალი, მთლიანად მისი მართვა ეკუთვნის საქველმოქმედო ფონდს და ძალიან ბევრი საქველმოქმედო აქცია ტარდება ამ ფონდის მიერ. მშენებლობა, რემონტები, უამრავი პროექტი, რომელიც საქართველოს ინტერესებს პასუხობს პირდაპირ. ამაზე მიმდინარეობს შეტევა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ბანკი „ქართუ“ „ტვ პირველს“ სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივის.