პროკურორი: დანაშაულებრივი სქემა წინასწარ იყო დაგეგმილი და დაორგანიზებული გიორგი ბაჩიაშვილის მიერ – მისი დანაშაული მარტივად დასტურდება
ეს დანაშაულებრივი სქემა წინასწარ იყო დაგეგმილი და დაორგანიზებული გიორგი ბაჩიაშვილის მიერ, მას ჰქონდა მზაობა, რომ მოვლენების განვითარების ყველა სცენარისთვის, შესაბამისი მოქმედებები განეხორციელებინა, – ამის შესახებ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბაჩიაშვილის ბრალეულობა ყველა მტკიცებულებით დასტურდება.
„გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა ყველა მოწმისთვის, გაგვეანალიზებინა ყველა მოწმობა, დოკუმენტი და ა.შ. რაც მაძლევს იმის საფუძველს, რომ თამამად განვაცხადო რეალურად, ეს დანაშაულებრივი სქემა წინასწარ იყო დაგეგმილი და დაორგანიზებული გიორგი ბაჩიაშვილის მიერ, მას ჰქონდა მზაობა, რომ მოვლენების განვითარების ყველა სცენარისთვის, შესაბამისი მოქმედებები განეხორციელებინა. ბიტკოინის მაინინგში ინვესტიცია განხორციელდა, ჯამურად ექვსი მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების, რომ დავამრგვალოთ რიცხვები.
სახელმწიფო ბრალდება ედავებოდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის პროცენტული მონაწილეობა იყო ერთი მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარის ფარგლებში, ხოლო 5 მილიონი იყო დაზარალებული ინვესტორის. ის აცხადებდა, რომ მთელი ეს ინვესტიცია იყო მისი. აღიარების დოკუმენტი არსებობდა და არაერთხელ მოვახდინე ამის დემონსტრაცია, მათ შორის, კიდევ ერთხელ წარვუდგენ საზოგადოებას, სადაც ის ოფიციალურად მიმართავს კრიპტოპლატფორმას, რომ მისი მონაწილეობა იყო მხოლოდ ერთი მილიონ-ნახევრით დაფინანსებული, პლუს – პროცენტი. კომპანიის სახელიც ემთხვევა, ბუნებრივია, ყველაფერი ემთხვევა, ეს არის გიორგი ბაჩიაშვილი, საკუთარი სახელით, საკუთარი პასუხისმგებლობით შექმნილი ელექტრონული ფოსტით და ეს მტკიცებულება მოპოვებულია სამართლებრივი გზის ფარგლებში, ეს არის აღიარება.
ამას ვედავებოდით, სხვა არაფერს, რომ მისი წილობრივი მონაწილეობა, მხოლოდ მილიონ-ნახევარი იყო. მოცემულობა მარტივია, მისი დანაშაული მარტივად დასტურდება, მხოლოდ ეს მტკიცებულება რომ ავიღოთ და სხვა დანარჩენს თავი დავანებოთ. დანარჩენი ქმედებები, რაც განახორციელა – არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება, ხელფასთან დაკავშირებით, თითქოს სარისკო ურთიერთობებში მონაწილეობით და ა.შ. მისი საწინააღმდეგოა“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.