„დედა რაჭველი უნდა ჰყავდეს, მამა სვანი და ბებია ლეჩხუმელი…“ – ვინ უნდა იყვნენ გაერთიანებული რაიონების მაჟორიტარები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, მაჟორიტარ დეპუტატს 2016 წლის არჩევნების შემდეგ მეტი ლეგიტიმაცია ექნება, რადგან ისინი 50%-იანი ბარიერით იქნებიან არჩეულნი, მოსახლეობას კი ექნება იმის განცდა, რომ ხმები თანაბრად არის გადანაწილებული.
„ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ვერავინ გაბედა. ვგულისხმობ მერებისა და გამგებლების პირდაპირ არჩევნებს. ბარიერად 50% დავაწესეთ. შეიცვალა საარჩევნო საზღვრები, ხალხი დაჩვეული იყო უშუალოდ მხოლოდ თავისი რაიონის მაჟორიტარს, თუმცა ყველა მოქალაქეს ექნება იმის რწმენა, რომ მისი ხმები თანაბრად არის გადანაწილებული. ამას ემატება ისიც, რომ მაჟორიტარის ლეგიტიმაცია არჩევნების შემდეგ უდავო იქნება, რადგან ის 50%-ით იქნება არჩეული“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე: როგორ იქნება ტექნიკურად შესაძლებელი, რომ რაჭის წარმომადგენელი, ამავდროულად, სვანეთის მაჟორიტარიც იყოს. ვინ უნდა იყოს ის ერთი ადამიანი, ვისაც რაჭაც უნდა იცნობდეს, სვანეთიც და მათი პრობლემებიც უნდა იცოდეს და მეტ-ნაკლებად შეხებაც ჰქონდეს?
„მესტია, ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლეჩხუმი ერთიანდება. დედა რაჭველი უნდა ჰყავდეს, მამა სვანი უნდა იყოს და ბებია ლეჩხუმელი… ეს ხუმრობით, ისე კი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც დააჯერებს მოსახლეობას, რომ ის მათი ინტერესების დაცვას შეძლებს. ასეთ შემთხვევაში მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არა აქვს იმას, ის საიდან იქნება. ეს არ არის ადვილი და ადვილად გადასაწყვეტი არ იყო. ვისაც აირჩევენ, მას ალბათ დამატებითი უპირატესობები ექნება იგივე ბიუროების თვალსაზრისით, რომ ყველა რაიონში ჰქონდეს ბიურო და გადაადგილების საშუალება“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები