გიორგი კვერენჩხილაძე: გაურკვევლობას ბადებს, რატომ არ მოხდა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის რაციონალურად გამოყენება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, გაურკვევლობას ბადებს, რატომ არ მოხდა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ბოლო გადავადებიდან გასული 2-წლიანი პერიოდის რაციონალურად გამოყენება.
კერენჩხილაძის თქმითვე, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის გადავადების მიზეზად საკომიტეტო თუ პლენარული სხდომების დროს დასახელდა სასამართლო რესურსების გაზრდის, ასევე გარკვეული საბიუჯეტო რესურსების მოძიების აუცილებლობა, რის თაობაზეც საუბარია კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც.
„ამასთან დაკავშირებით გაურკვევლობას ბადებს რამდენიმე გარემოება, პირველ რიგში კი ის, თუ რატომ არ მოხდა დროის უფრო რაციონალურად გამოყენება და საჭირო მატერიალური თუ სამართლებრივი რესურსების მოძიება, როცა აღნიშნული ნორმის ბოლო გადავადებიდან თითქმის 2 წელია გასული.
ასევე გაურკვეველია და კითხვებს ბადებს ისიც, რომ მოწმეთა დაკითხვის 2009 წელს მიღებული ახალი წესი უკვე მეხუთედ გადავადდა და ეს მოხდა იმ ფონზე, როცა საკითხი ეხება საკმაოდ მნიშვნელოვან მოვლენას. აღნიშნული პოზიციის მიუხედავად, როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა მოწმეთა დაკითხვის წესის 20 თებერვლამდე გადავადებას გუშინ ხელი მოაწერა. საქართველოში, მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 1998 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი მოქმედებს“,-განაცხადა კვერენჩხილაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 დეკემბერს 2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის ახალი კოდექსით გათვალისწინებული მოწმის დაკითხვის ახალი წესი უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში რამდენიმე დღის წინ მიღებული ცვლილებებით, 31 დეკემბრის ნაცვლად, მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების თარიღად 2016 წლის 20 თებერვალი განსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები