თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საკითხი განიხილეს

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მიმართულება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB School) დაარსებაა. აღნიშნულ საკითხის განხილვის მიზნით, გენერალურ შტაბში „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში პირველი შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ, მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებმა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის პროექტის ხელმძღვანელებმა მიაწოდეს.
ანა დოლიძემ პროექტის შესახებ ისაუბრა და პარტნიორი ქვეყნებისთვის მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:
„ეს არის უელსის პაკეტის ნაწილი იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გატარებული რეფორმების ექსპორტისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, როგორ უნდა გაუმჯობესდეს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში საქმიანობა, პოლიტიკა, საჯარო სამსახური. ეს სკოლა შეიქმნება იმისათვის, რომ ცოდნა დავამუშავოთ, ჩამოვაყალიბოთ და შემდეგ გავუზიაროთ რეგიონში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს. ეს სასწავლებელი იქნება ნატოსთან ურთიერთობის დამაკავშირებელი საქართველოში და ამ ურთიერთობის გამტანი პარტნიორ ქვეყნებში, რომელთანაც ნატოს ისეთი მჭიდრო ურთიერთობა არ აქვს, როგორც საქართველოსთან.“
გაფართოებულ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის პროექტის ხელმძღვანელებმა საქართველოსა და ნატოს მხრიდან – თეა ნიკოლაშვილმა და ანდრეას გლოდემ მოწვეულ სტუმრებს სკოლის ამოცანები, პრიორიტეტები და კონცეფცია გააცნეს. უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები პროექტის კოორდინატორებს უახლოეს მომავალში საკუთარ ხედვებსა და რეკომენდაციებს შესთავაზებენ, რომელიც სკოლის საბოლოოდ დაარსების პროცესში გათვალისწინებული იქნება.
ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერის მოადგილემ იაშ ჰოლბრუკმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსების საკითხზე გამართული პირველი გაფართოებული დისკუსია დადებითად შეაფასა.
„ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა ძალიან კარგი პირველი ნაბიჯია. უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მიმართულების – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსების შესახებ მნიშვნელოვანი ასპექტები განვიხილეთ. პირველი შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო. უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს ამ სკოლის კონცეფცია გავაცანით. გვსურდა, მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები მოგვესმინა. ვფიქრობ, ძალიან კარგი დასაწყისია. პირველ ნაბიჯს კიდევ უფრო მეტი ნაყოფიერი შეხვედრა მოჰყვება, რადგან უსაფრთხოების სექტორის მხრიდან აშკარად ძალიან დიდი დაინტერესებაა,“ – განაცხადა იაშ ჰოლბრუკმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები