ჯაბა ჯიშკარიანმა ე.წ. კადეტების კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას მუნიციპალური ლაბორატორიის წინასწარი დასკვნა გააცნო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი, მთაწმინდაზე მდებარე ე.წ. კადეტების კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ კორპუსთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წინასწარი დასკვნა გააცნო.
დასკვნის თანახმად, ორ მისამართზე – თაბუკაშვილის N46 და რევაზ ლაღიძის N2-ში მდებარე კორპუსი მწვავე ავარიული მდგომარეობაშია და დაუყოვნებლივ გამაგრებას საჭიროებს.
დეპუტატმა, რაიონის გამგებელთან გელა არჩვაძესთან და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას კორპუსთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები გააცნეს და განუმარტეს, რომ უახლოეს მომავალში ჩატარებული საინჟინრო გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევის შემდეგ შედგენილი პროექტით კორპუსის კაპიტალური გამაგრება დაიწყება.
„ეს არის ძალიან დიდი კორპუსი მთაწმინდაზე. აქ 80 ოჯახზე მეტი ცხოვრობს. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნით, ამ სახლს მეოთხე ხარისხის, ანუ მწვავე ავარიულის კატეგორია მიენიჭა. კორპუსის მცხოვრებლებმა განცხადებით მოგვმართეს, ჩვენ კი მათ საშველად, როგორც მუნიციპალური, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, აბსოლუტურად ყველა სამსახური ჩავრთეთ. რეაგირება მყისიერად მოხდა. შედეგად, სახლისთვის კაპიტალური გამაგრების ჩატარება გადაწყდა. უახლოეს მომავალში, მომზადდება პროექტი და დაიწყება თუ არა სამუშაოები, მთაწმინდის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მოსახლეობის ქირით გაყვანა მოხდება“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები