საქართველოსა და EFTA-ს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა

საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა, ჟენევაში ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA – შვეიცარია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი და ისლანდია) მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი გაიმართა.
EFTA-ს დელეგაციას ნორვეგიის ვაჭრობის, მრეწველობისა და მეთევზეობის სამინისტროს ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იან ფარბერგი ხელმძღვანელობდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების მეორე რაუნდის ფარგლებში, მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, სანიტარია და ფიტოსანიტარია (SPS), ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT), ვაჭრობაში დაცვითი ზომები, სახელმწიფო შესყიდვები, კონკურენცია, ჰორიზონტალური, სამართლებრივი და ინსტიტუციური დებულებები და დავების მოგვარება. საქართველოს და ევროპის თავისუფალი ასოციაციის დელეგაციების წარმომადგენლებმა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის შესახებ შეთავაზებები გაცვალეს.
ცნობისთვის, აღნიშნული მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი 2016 წლის თებერვლის ბოლოს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები