მმართველი გუნდი მაჟორიტარების 50%-იანი ბარიერით არჩევასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიებისგან პოზიციის დაფიქსირებას ელოდება
მმართველი კოალიცია მაჟორიტარების 50%-იანი ბარიერით არჩევის წინადადებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიებისგან პოზიციის დაფიქსირებას ელოდება. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, სწორედ მათი პოზიციის შესაბამისად აისახება სათანადო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში. მისი თქმით, კოალიციაში არის იმის მზაობა, საარჩევნო კანონმდებლობაში ასეთი ტიპის ცვლილება შევიტანოთ.
“უბრალოდ, სურათი დახატული იყოს ისე, რომ “ამას იმიტომ აკეთებთ, რომ მმართველი კოალიციის ინტერესებშია”. ეს არის თემა, რომელიც სამსჯელოდ გახსნილია. თუ თვლით, რომ 50%-იანი ბარიერის საკითხი მმართველი კოალიციის ინტერესებშია და საკითხი ხელის გადაგრეხვის პრინციპით, ძალით შემოგვაქვს, ასეთ შემთხვევაში ასეთ ტიპის ნაბიჯის გადადგმისაგან თავს შევიკავებდით. ეს არის დამოკიდებული იმაზე, როგორი შემოთავაზება იქნება კოლეგების მხრიდან”, – განაცხადა ძიძიგურმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან დასმული კითხვის საპასუხოდ.