დავით უსუფაშვილი: მივესალმები სოსო ჯაჭვლიანის კანონშემოქმედებით აქტიურობას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ფულადი ჯარიმების შემოღებას გულისხმობს, განაცხადა, რომ რელიგიურ ნიადაგზე სიძულვილის გაღვივება, მნიშვნელოვანი ამოცანაა, თუმცა რა ტიპის აკრძალვებით და ჩარევებით მიიღწევა ეს, კანონპროექტის განხილვის დროს გაირკვევა.
უსუფაშვილის თქმით, სასურველია, კანონპროექტის დეტალების დაზუსტება.
“რაც შეეხება მხარდაჭერას, ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, როდესაც ვნახავთ კანონპროექტს. მას თავისი განმარტებითი ბარათი, მოტივაცია და მიმართულება აქვს. ის, რომ არ მოხდეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და რელიგიურ ნიადაგზე სიძულვილის გაღვივება, მნიშვნელოვანი ამოცანაა, თუმცა რა ტიპის ნორმებით, რა ტიპის აკრძალვებით და ჩარევებით მიიღწევა ეს, ამაზე ვიმსჯელებთ კანონპროექტის განხილვის დროს. ვისურვებდი, რომ კანონპროექტის დეტალებში ჩავიდეთ და არ მოგვჭრას თვალი იმან, რომ ეს რელიგიურ საკითხებს ეხება. გავერკვეთ რა ხდება – ყოფილა შემთხვევები, როდესაც პარლამენტში შემოსულა კანონპროექტები და შემდეგ გარკვეულა, რომ ის საკითხი სადღაც უკვე დარეგულირებულია და ახალი რეგულაციის საჭიროება არ არსებობს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ რელიგიური გრძნობა, მისი შეურაცხყოფა ძალიან ფაქიზი თემებია, თუმცა, მეორე მხრივ, რთულად დასადგენია ისიც, თუ ვინ რას მიიჩნევს შეურაცხყოფად.
“რომელიმე რელიგიის მიმდევარმა შეიძლება შეურაცხყოფად მიიჩნიოს ის, რომ დავინახო სხვა რელიგიის საკულტო ნაგებობა, ან მოვისმინე რაიმე, ან ტელევიზიით ვნახე რაიმე რიტუალი და ამ დროს თავი ვიგრძენი შეურაცხყოფილად. რთული თემებია. არ არის მარტივი თემები და მე, არა მგონია, ეს კანონპროექტი პარლამენტში ერთ კვირაში კანონად იქცეს. ძალიან კარგად უნდა განვიხილოთ, თუ რას ემსახურება და რა შედეგები შეიძლება მოგვიტანოს ამან”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ სოსო ჯაჭვლიანმა ბოლო 2-3 თვეში მესამე კანონპროექტი შემოიტანა პარლამენტში.
“ზოგადად, მივესალმები პარლამენტის წევრების კანონშემოქმედებით აქტიურობას და კონკრეტულად ჩემი კოლეგის, სოსო ჯაჭვლიანის აქტიურობას. მან ბოლო 2-3 თვეში მესამე კანონპროექტი შემოიტანა პარლამენტში. ეს კარგია და ყველას ვთხოვ, ასე იაქტიურონ”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის, შესაძლოა, ფულადი ჯარიმები დაწესდეს. შესაბამისი პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საქმე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს ეხება, რომლის ინიციატორი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანია. პროექტის ავტორი კი “დემოგრაფიული განვითარების ფონდის” დირექტორი ზვიად ტომარაძეა.