მამუკა არეშიძე: 2015 წლიდან სპეცსამსახურების მუშაობა უფრო თანამიმდევრული გახდა
2015 წლიდან სპეცსამსახურების მუშაობა უფრო თანამიმდევრული გახდა, – ამის შესახებ ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ “ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს და სუს-ის მიერ “ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირის ბრალდებით ოთხი პირის დაკავების ფაქტს აფასებს.
მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ქვეყნის უსაფთხოებისთვის მსგავსი ღონისძიებების გატარება აუცილებელი და მისასალმებელია.
„დაპატიმრებულები არიან ის ადამიანები,რომელთა მიმართაც კითხვებია და რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან კანონსაწინააღმდეგო და სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობაში. მე არ მინახავს ოჯახის წევრი, რომელსაც ეთქვას, ჩემი ოჯახის წევრი სამართლიანად დააპატიმრესო. ყველაფერს გამოძიება დაადგენს და შემდეგაც გაგრძელდება ეს პროცესი. მე ადრე ხშირად ვსაყვედურობდი სპეცსამსახურებს მათი მუშაობის გამო. 2015 წლიდან სპეცსამსახურების მუშაობა უფრო თანამიმდევრული გახდა ამ მიმართულებით. მე უკვე 20 წელია, ამ თემით ვარ დაკავებული და თუ 2000-იანების დასაწყისს არ გავიხსენებ, სხვა შემთხვევაში, სპეცსამსახურების წაყრუებით ხდებოდა ყველაფერი.
დღეს სხვა სიტუაციაა, სპეცსამსახურები გააქტიურდნენ და არ შემიძლია, ეს დადებითად არ შევაფასო. პროფილაქტიკა ამ მიზნით აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ამ ფსევდოყურადღებამ და ფსევდოფასეულობებზე დაყრდნობამ ზოგ შემთხვევაში მოგვიტანა უკუშედეგი და ეს საფრანგეთის მაგალითზე კარგად ჩანს. მე არ ვამბობს, რომ ევროპული ფასეულობები ფსევდოა,ზოგ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთეა, მაგრამ ამ ფასეულობების არასწორად გამოყენება და არასწორად შეფასება იწვევს მათ დევალვაციას. ტოლერანტობასთან დაკავშირებული რაც არის, გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა. საფრანგეთმა მიიღო ის, რაც დაუშვა. ამ ტიპის ფასეულობებს შეეწირა ქვეყნის უსაფრთხოება. მე არ მინდა, რომ იგივე განმეორდეს საქართველოშიც. ამიტომ სპეცსამსახურების აქტიურობა ამ კუთხით მისასალმებელია“,- აცხადებს მამუკა არეშიძე.
მამუკა არეშიძე ხელისუფლებას ურჩევს, სპეცსამსახურის დაფინასება გაზარდოს.
„ოპერატიული რეაგირებისთვის საჭიროა უახლესი ტექნიკა, რადგან ჩვენ გვყავს მოწინააღმდეგე, რომელიც თვითონ არის აღჭურვილი საუკეთესო და უახლესი საშუალებებით. აუცილებელია დაფინასების გაზრდა“,- აცხადებს არეშიძე.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, რომ საზღვრის გადაკვეთა ბევრმა მებრძოლმა შეძლო, არეშიძის თქმით, ისტერიკის საფუძველი არ არსებობს.
“საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც იბრძვიან ხალიფატის რიგებში, არ არის ის რაოდენობა, რომ ამან ისტერიკაში ჩაგაგდოს. ვიღაცას პოლიტიკური ამბიციებისთვის სჭირდება ამის გამოყენება. მათი რაოდენობა, სულ რომ გაჭიმო, არის 120 კაცი“,-აღნიშნავს არეშიძე.