დავით თევზაძე: რუსეთი ბირთვულ შეიარაღებას გამოიყენებს და მთელ ევროპას უდაბნოდ გადააქცევს!

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თურქეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს. როგორც დავით თევზაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, საქართველო ტერორიზმის საფრთხისგან დაცული არ არის.
ამავე ინტერვიუში ყოფილი მინისტრი რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებასაც ეხმაურება. დავით თევზაძის განცხადებით, რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარება უფრო დაიძაბება. „რუსეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირება ალბათ, გაღრმავდება და არც სამხედრო კომპონენტების გამოყენება იქნება გამორიცხული. თუმცა, ეს „ცივი ომის“ ვითარებას მაინც არ გასცდება. დღეს, არც რუსეთს და არც თურქეთს არა აქთ საიმისოდ მზაობა, რომ ავიაციის, ფლოტისა და სახმელეთო ძალების გამოყენებით ერთმანეთის წინააღმდეგ სერიოზული სამხედრო ოპერაციები აწარმოონ, თანაც წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ვიღაცას რაღაცაზე ნერვები აეშლებოდა, ჯარებს შეკრებდა და ომს დაიწყებდა. დღეს ომი გაცილებით რთული საწარმოებელი და სამართავია. თუმცა, რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტის ესკალაცია სახეზეა და ეს ორი ქვეყანა კომპრომისებს ვერ გამოძებნის, „ცივი ომის“ საფრთხესაც ვერავინ გამორიცხავს. უეჭველია, რომ პუტინი ამას არ „გადაყლაპავს“ და სირიაში დაწყებულ საქმეს შუა გზაში არ მიატოვებს. დიახ, ერთი თვითმფრინავის გამო რუსეთი ნადვილად არ დათმობს იმ ინტერესებს, რომელიც სირიაში აქვს! რუსეთის ინტერესია, რომ სირიაში საკუთარი სამხედრო ბაზა ჰქონდეს!“ – აცხადებს დავით თევზაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში ყოფილი თავდაცვის მინისტრი იმ ქართველ ჯარისკაცებზე საუბრობს, რომლებიც ერაყსა და ავღანეთის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ.
„რუსეთს ნატოსთან დაპირისპირება არ შეუძლია ისევე, როგორც ნატოს არ შეუძლია რუსეთს დაუპირისპირდეს! თუ ვინმე რუსეთის განადგურებაზე ფიქრობს, ეს მხოლოდ ილუზიაა, რადგან განადგურების პირამდე მიყვანის შემთხვევაში, რუსეთი ბირთვულ შეიარაღებას გამოიყენებს და მთელ ევროპას უდაბნოდ გადააქცევს! ამდენად , გამოირიცხულია, რომ რუსეთთან დაპირისპირება დღეს ევროპაში ვინმეს აწყობდეს. რაც შეეეხება საქართველოს, საქართველოში ნამდვილად არსებობენ ტერორისტებისათვის საინტერესო ობიექტები, რომლებიც შესაძლოა, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. ტერორისტების სამიზნედ შეიძლება ის ქართველი ჯარისკაცები იქცნენ, რომლებიც ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდნენ! ასეთ ადამიანებზე დარტყმა დიდ რეზონანსს გამოიწვევს და საქართველოს მოსახლეობაში ქართული სახელმწიფოს მიმართ უნდობლობას გააჩენს! გარდა ამისა, შესაძლოა, საერთაშორისო სამშვიდობო მისიიდან და ანტიტერორისტული კოალიციიდან, საქართველოს სახით, ერთი რგოლი ამოვარდეს“! – აცხადებს დავით თევზაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები