ლევან იზორია: რისკები და საფრთხეები არსებობს, მაგრამ ეს არ არის მაღალი კატეგორიის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის ეფექტურობას მხოლოდ დაფინანსების გაზრდა ვერ განაპირობებს. იზორიამ ტოქ-შოუ “პოლიტკაში“ საუბრისას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის ჯონ ბრენანის მოხსენებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც ბრენანი ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურების მუშაობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო შეზღუდვების გადახედვა უნდა მოხდეს. რაც შეეხებათ ევროპის ქვეყნებს, როგორც იზორიამ აღნიშნა, საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ ევროპის ქვეყნები ოპერატიული საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის ინიციატივით გამოვიდნენ.

კითხვაზე, საქართველოში არსებობს თუ არა ტერორისტული რისკები, იზორია აცხადებს, რომ რისკები არსებობს, თუმცა ისინი მაღალი კატეგორიის არ არის. მისი თქმით, ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაბამის რეაგირებას ახდენს.

„ბუნებრვია, რისკები და საფრთხეები არსებობს, მაგრამ ეს არ არის მაღალი კატეგორიის. რისკები ტერორიზმთან დაკავშირებით უფრო ისეთ ქვეყნებს აქვთ, რომლებიც ჩართული არიან საბრძოლო მოქმედებებში. ჩვენ უკვე აქტიურად ვთანამშრომოლბთ და გარკვეული სტრატეგიაც არის შემუშავებუილი. ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე გამკაცრდეს კონტროლი. ეს ღონისძიებები უკვე დაწყებულია და უფრო ტექნიკურად მოხდება ამის უზრუნველყოფა, რათა მოხდეს გარკვეული პირების იდენტიფიცირება. შესაბამისად, ბუნებრივია საფრთხის წყაროს ეს ტერიტორიები წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ ყველანაირ ღონეს მივმართავთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ ოფიციალური საზღვრის პერიმეტრში იყოს ჩვენი ოპერატიული შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოყენებული, არამედ იქაც, სადაც ჩვენს მიერ არაკონტროლირებადია“, – განაცხადა იზორიამ.

ამასთან, როგორც იზორიამ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, საქართველოს დაახლოებით 50 მოქალაქეა სირიაში და უსაფრთხოების სამსახურს ყველა მათგანზე აქვს ინფორმაცია.

„გადინების დინამიკა ისეთი მაღალი აღარ არის. დღეის მდგომარეობით, საქართველოს დაახლოებით 50 მოქალაქეა სირიაში და ჩვენ გვაქვს ყველა მათგანზე ინფორმაცია. ყველა მათგანზე კონკრეტული მტკიცებულებებით დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. შესაბამისად, როგორც კი ისინი დაბრუნდებიან, აგებენ პასუხს კანონის წინაშე. ყველა ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ პოტენციურად საფრთხის მატარებელი თუ გადაწყვეტს, რომ წავიდეს საბრძოლველად, მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი დაკავება. ხოლო პრევენციის მიზნით, საფრთხის აცილების მიზნით, როდესაც გვაქვს ალბათობის დაბალი ხარისხით, მაგრამ მაინც ეჭვი, რომ ის ტერორისტული მიზნებისთვის მიემგზავრება უცხოეთში, არსებობს მეორე პრაქტიკა, როდესაც ატყობინებ და არდაშვების რეჟიმი მოქმედებს, ამ შემთხვევაში თურქეთში“, – აღნიშნა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები