„გობელენის მუზეუმში“ პერსონალური გამოფენა გაიმართება
26 ნოემბერს “გობელენის მუზეუმში”, პროექტ – “არტ აქტივის” პრეზენტაცია და ნინი ირემაძის პერსონალური გამოფენა მოეწყობა. პროექტი ART ACTIVE („არტ აქტივი“) სოციალური ხასიათისაა და მიზნად ისახავს სხვადასხვა შესაძლებლობისა და ინტერესის მქონე ადამიანების ხელოვნების ირგვლივ გაერთიანებას. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი აქცენტს მორალურ მხარდაჭერაზე აკეთებს და ხელს უწყობს ნიჭიერი ადამიანების პოპულარიზაციას.
ორგანიზაციის განცხადებით, პროექტის ფარგლებში გაწევრიანდნენ როგორც ინდივიდუალური პირები (მოსწავლეები, სტუდენტები), ასევე ორგანიზაციები – “მედიათეკების გაერთიანება თბილისში”, “ბაბალე”, “სოციალური კაფე-გალერეა” ელისო რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით, “შემოქმედებითი სახელოსნო-სალონი”, საქველმოქმედო ფონდი “მომავლის გზა”. პროექტი გრძელვადიანია და სამი საფეხურისგან შედგება.
26 ნოემბერს ნინი ირემაძის პერსონალური გამოფენისა და პროექტ – “არტ აქტივის” პრეზენტაციის გარდა, შემდეგი ღონისძიება 11 დეკემბერს გაიმართება. კერძოდ, მედიათეკის ვაკის ფილიალში პროექტ – “არტ აქტივის” მონაწილეთა ჯგუფური გამოფენა-გაყიდვა, ასევე შემეცნებით-სასწავლო პროექტის: “ისწავლე და ასწავლე“ ფარგლებში სახალისო გაკვეთილის და წიგნების პრეზენტაცია მოეწყობა. სხვადასხვა ტიპის აქტივობას უხელმძღვანელებენ მოხალისე სტუდენტები, მოსწავლეები, ყველა ის მსურველი, ვისაც სურს, გაუზიაროს გამოცდილება სხვას და ესა თუ ის თემა საინტერესოდ წარმოაჩინოს.