ჯემალ ჭკუასელი სააკაშვილზე: თუ უნდა ქინძი იყოს, გინდა ნიახური ყოფილა, ჩვენ თავი დაგვანებოს
„რომ გაიძახიან – რუსეთუმებიო, გეკითხებით, „ნაციონალებზე“ მეტი რუსეთუმეები ვინ არიან?!“ – ამ სიტყვებით ეხმაურება ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.
როგორც ჭკუასელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ჩვენი ქვეყნის დასავლეთის და ამერიკელი პარტნიორები, საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში უაპელაციოდ ერევიან.
„ბევრჯერ გამოგვიწოდა ამერიკამ დახმარების ხელი, მაგრამ თუ მერე იძახე, ჭიდან ამოგიყვანეო, რად გვინდა ასეთი დახმარება, ჩავალთ ისევ ჭაში! ცხადია, ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ მაკ კეინის მსგავსი ადამიანების გაკეთებული საქმე, როგორ უნდა გინდოდეს? უაპელაციოდ ერევიან ჩვენს შინაურ საქმეებში, ლამის ლოგინში შემოგვეჭრენ. რა უფლება აქვთ, გვიბრძანონ, დავიჭიროთ თუ არა დამნაშავე?!“ – ამბობს ჯემალ ჭკუასელი. „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ამავე ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმაურება.
„რომ გაიძახიან – რუსეთუმებიო, გეკითხებით, „ნაციონალებზე“ მეტი რუსეთუმეები ვინ არიან?! ვინ გადასცა კოდორის ხეობა და ახალგორი რუსებს? ვინ მიყიდა სტრატეგიული ობიექტები მათ? სინდისი რომ ჰქონდეთ, ხმას საერთოდ არ უნდა იღებდნენ. კაცი რომ იტყვის, ქინძი ვარო, საერთოდ რაღაზე ვლაპარაკობთ? თუ უნდა – ნიახური ყოფილა, ჩვენ თავი დაგვანებოს“, – აცხადებს ჯემალ ჭკუასელი.
ამავე ინტერვიუში ჯემალ ჭკუასელი ყოფილ პრემიერზე – ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.
„საყვედური კი არა, ბიძინა ივანიშვილმა იმდენი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ წითელ ხალიჩაზე უნდა ვატაროთ. კაცმა საკუთარი თავი გადადო, ოჯახი საფრთხის წინაშე დააყენა და კიდევ არ ხარ მადლობელი? უმადურობა წაგვლეკავს და მოგვსპობს. ძალიან თავმდაბალი ადამიანია. ახლა რომ ვაქებ, შესაძლოა, ამის გამო, თუ სადმე შემხვდა, მისაყვედუროს. მაგრამ მაინც უნდა ვთქვა – ბიძინას შემოევლოს ჩემი სიცოცხლე. ისიც ფაქტია, ჩვენი სამშობლო ჯერ კიდევ გადასარჩენია და მჯერა, ამ ბრძოლაში ივანიშვილი ბოლომდე იდგება ქართველი ხალხის გვერდით. ხალხო, გაიგეთ, ვერც ირაკლი ღარიბაშვილი და ვერც ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ვერ ააშენებენ, თუ ჩვენც გვერდით არ დავუდგებით და თითო აგურს არ დავდებთ“, – ამბობს ჭკუასელი.