რას აცხადებს ლევან მაჭავარიანი საზღვრის კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით
„არანაირი მინიშნება, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს, არ არსებობს“, – ამის შესახებ გაზეთ „პრაიმ-ტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოს საზღვარზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოების უსაფრთხოება კვლავაც მაღალ დონეზე იყოს დაცული.
„აქ იგულისხმება სპეციალური ტექნოლოგიები, რასაც საპატრულო პოლიცია და სამინისტროს სხვა ქვედანაყოფები ფართოდ იყენებენ. ხდება მგზავრთა ნაკადის უფრო მასშტაბური კონტროლი აეროპორტებსა და საკონტროლო- გამტარ პუნქტებზე. ეს გულისხმობს, შემომსვლელების ინტერვიუიერებას, რისი საშუალებითაც შეგვიძლია, მისი ვიზიტის ჭეშმარიტი მიზანი, ხანგრძლივობა, ჭეშმარიტი მოტივები და ა.შ. როგორც აღვნიშნე, არსებობს სპეციალური ტექნოლოგიები, რისი საშუალებითაც საეჭვო ვიზიტორი დგინდება. კეთილსინდისიერი ტურისტი და ადამიანი, რომელიც სხვა მიზნებით შემოდის, ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც ფსიქოლოგიური პორტრეტით, ისე მოქცევის წესებით. თუ ადამიანი ქვეყანაში შემოსვლისას დამაჯერებლად ვერ საუბრობს ვიზიტის მოტივზე, ცდილობს, არ იყოს გახსნილი მესაზღვრე კონტროლიორთან, არა აქვს პასუხები მის შეკითხვებზე, არ აქვს უკანა გზის ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამედიცინო დაზღვევა, ასევე, ფულადი თანხა საკმარისი იმისთვის, რომ რამდენიმე ხნის განმავლობაში იმყოფებოდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანის შემოსვლა საფუძვლიან ეჭვს იწვევს.
ჩვენ გვაქვს, კანონიერი უფლება, ამ კატეგორიის ადამიანს უარი ვუთხრათ ქვეყანაში შემოსვლაზე. ჩვენი მხედველობის არეში შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე. რა თქმა უნდა, მეტი ყურადღება ეთმობათ იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, სადაც ახლა აქტიურად ვითარდება მოვლენები”,-აცხადებს მაჭავარიანი.
მისივე თქმით, საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა, თავის მხრივ, მიიღო მთელი რიგი ზომები და საზღვრის მთელ პერიმეტრზე, ე.წ. მწვანე ზოლზე, ფაქტობრივად, მინიმუმამდე დაიყვანა არალეგალურად ქვეყნის საზღვრის კვეთა. “რაც შეეხება ჩრდილოეთის საზღვარს… როდესაც ტერორიზმის ტრანზიტზე საუბრობენ, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს ადამიანები საქართველოს გავლით აღმოჩნდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში? ამის ალბათობა პრაქტიკულად ნულის ტოლია. ჩრდილოეთის საზღვარი ისევე დაცულია, როგორც ჩვები ქვეყნის სხვა საზღვრები. ამ შემთხვევაში ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს გეოგრაფიული სირთულეებიც, რომელთა გამოც ძალიან ძნელია ამ საზღვრის გადალახვა. იქ არის საკონტროლო- გამტარი პუნქტი დარიალი, როემლიც ძალიან აქტიურად მუშაობს. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას და არანაირი მინიშნება, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს, არ არსებობს. ყველა იმ უწყებამ, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება ხელეწიფება, უკვე მიიღო შესაბამისი ზომები. რაც შეეხება ტრანზიტს, როდესაც ადამიანი ოფიციალურად გადის ქვეყნიდან, მას არა აქვს ტრაფარეტი მიკრული, ტერორისტი ვარ და “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში საბრძოლველად მივდივარო. როგორც წესი, ის გადის ჩვეულებრივი მოქალაქის სტატუსით. რა თქმა უნდა, კანონიერ გასვლას ვერავის შევუზღუდავთ, თუკი წესრიგში აქვს შესაბამისი დოკუმენტები, მაგრამ ყველა საეჭვო პირზე, როგორც შემომსვლელზე, ისე გამსვლელზე, იქნება გამკაცრებული ზომები”,- ირწმუნება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.