ვაჟა ლორთქიფანიძე: „ნაციონალების“ „პრუტუნი“ ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს
საქართველოს ყოფილი ელჩის რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკაში ვაჟა ლორთქიფანიძის განცხადებით, „ნაციონალების“ „პრუტუნი“ ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. როგორც ვაჟა ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, მთავარი ის არის, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, საქართველოს ევროპასთან დაახლოებას ხელი შეუშალონ.
„ნაციონალების „პრუტუნი“ ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. აქ მთავარი ის არის, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, საქართველოს ევროპასთან დაახლოებას ხელი შეუშალონ. ბუნებრივია, „ნაციონალების“ ასეთი ქმედება ცალსახად უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს განვითარების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. „ნაციონალები“, როგორც უნდა ეცადონ, ქართველ საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანენ!“ – აცხადებს ვაჟა ლორთქიფანიძე.
ამავე ინტერვიუში პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უცხოეთში ლობისტებთან უზარმაზარ თანხებს ხარჯავს. „საქართველოში ყველამ კარგად იცის, რომ „რუსთავი 2“ არავითარი დამოუკიდებელი ტელევიზია არ არის და არც ძმები ყარამანიშვილების საკუთრებაა, არამედ, ეს არის მიშიკოს პირადი კუთვნილება! სხვათა შორის, ეს უცხოეთშიც კარგად იციან, მაგრამ სიმართლის საჯაროდ აღიარება არ უნდათ! „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მილიარდობით „შავი ფულის“ პატრონია, საზღვარგარეთ ლობისტური კომპანიების დაქირავებაში დღემდე უზარმაზარ თანხებს ხარჯავს, ეს კი საერთაშორისო ასპარეზზე ნაციონალებისთვის სასარგებლო აზრის ჩამოყალიბებაში სერიოზულ როლს თამაშობს. გულდაწყვეტით მინდა ვთქვა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან წამგებიანი საინფორმაციო პოლიტიკა აქვს და ის კარგი საქმეებიც კი, რომლებიც ქვეყანაში რეალურად კეთდება, არათუ საერთაშორისო საზოგადოებამდე, საქართველოს მოსახლეობამდეც ვერ მიაქვს ისე, როგორც საჭიროა. დღეს ქვეყანაში საინფორმაციო პოლიტიკა არა ხელისუფლებას, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიჰყავს! ე.წ. ნიუსებს „ნაციონალები“ ქმნიან, რომ „ქართული ოცნება“ მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ჩააყენონ!“ – აცხადებს ვაჟა ლორთქიფანიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბრიუსელში – ევროკავშირში და ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგ დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი გამოვიდნენ.
პრემიერის თქმით, ევროკავშირში გაოცებულები იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მოთხოვნით, რომლებმაც თავისი პოზიცია იმით ახსნეს, რომ ამ მთავრობის პირობებში არასასურველია საქართველომ უვიზო მიმოსვლა მიიღოს.