ირაკლი ალადაშვილი ტერორიზმის საფრთხეებთან ბრძოლაში სადაზვერვო სამსახურის როლზე საუბრობს
სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი “კვირასთან“ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძვანელის ჯონ ბრენანის მოხსენებას აფასებს, სადაც ის აშშ-ს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სტრატეგიის შეცვლასა და უსაფრთხოების სამსახურების შესაძლებლობის გაზრდაზე საუბრობს. ალადაშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ ტერორიზმის საფრთხეებთან ბრძოლაში უსაფრთხოების სამსახურის როლი დიდია. აღნიშნულ კონტექსტში ალადაშვილი ხაზს უსვამს საქართველოს სადაზვერვო სამსახურის მნიშვნელობას.
მისი განცხადებით, შექმნილ ვითარებაში რისკების შესამცირებლად უმთავრესი გამოსავალი მოკავშირეებთან სადაზვერვო ინფორმაციების მუდმივი გაცვლა-გამოცვლა და მიღებული ინფორმაციების ანალიზია. ალადაშვილის განცხადებით, საქართველო, როგორც ნატოს მოკავშირე ქვეყანა, “ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან, სხვა სახელმწიფოების მსგავსად, მოწინააღმდეგედ არის აღქმული. მისი თქმით, ეს და კიდევ ის გარემოება, რომ სირიაში ISIS-ის რიგებში საქართველოს ცალკეული რეგიონებიდან წასული ადამიანები იბრძვიან, ქვეყანაში ტერორისტული საფრთხეების არსებობაზე მეტყველებს. „სადაზვერვო ინფორმაციების გაცვლა-გამოცვლა მოკავშირეებთან და ამ ინფორმაციების ღრმა ანალიზი, ვფიქრობ, არის ერთ-ერთი გამოსავალი რისკების შესამცირებლად. საფრთხე რეალურია, ვინაიდან ტერორისტული სამყარო ებრძვის დანარჩენ მსოფლიოს. ჩვენც ვართ ამ მსოფლიოს ნაწილი, ვართ ნატოს აქტიური მოკავშირეები, ჩვენი სამხედროები მონაწილეობენ საერთაშორისო მისიებში, “ისლამური სახელმწიფოსთვის“ ჩვენც მოწინააღმდეგედ მოვიაზრებით. საფრთხეებზე საუბრისას გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ISIS-ის რიგებში იბრძვიან საქართველოდან, კერძოდ, პანკისის ხეობიდან წასული ადამიანები“, – განუცხადა “კვირას“ ირაკლი ალადაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძვანელი ჯონ ბრენანი ვაშინგტონში საგანგებო მოხსენებით გამოვიდა და ამერიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა. ბრენანი თვლის, რომ პარიზის თავდასხმა მხოლოდ ერთჯერადი აქტი არ არის. მისი თქმით, სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელს უხდებოდა პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ როგორ გამოეპარათ უსაფრთხოების სამსახურებს ასეთი თავდასხმა მაშინ, როდესაც ტერორისტებს, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში მრავალჯერადი კომუნიკაცია ჰქონდათ ტერაქტების მოსამზადებლად. ჯონ ბრენანი მიიჩნევს, რომ უნდა გადაიხედოს საკანონმდებლო შეზღუდვები უსაფრთხოების სამსახურების მუშაობასთან დაკავშირებით.