“ქუჩაში დაეწივნენ და დანით დაჩეხეს” – რაზე ოცნებობდა 20 წლის ფეხბურთელი, რომელიც სასტიკად მოკლეს

15 ნოემბერს, გამთენიისას თბილისის ცენტრში, კანდელაკისა და ტაშკენტის ქუჩების გადაკვეთის ადგილას, კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა. კლუბ “მაჭახელას” 20 წლის ფეხბურთელი, თენგიზ ფერსელიძე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს.

ახლობლები ამბობენ, რომ თბილისში დაბადებულ და გაზრდილ თენგოს ოცნებად ჰქონდა, რომ როცა სპორტულ კარიერას მორჩებოდა, ხელვაჩაურში, მშობლიურ ახალსოფელში დაბრუნებულიყო, ბებია-ბაბუის სახლისთვის მიეხედა და იქ ეცხოვრა. თუმცა მისი ოცნებები 20 წლის ასაკში, ხელვაჩაურიდან თბილისში მორიგი დაბრუნებისას სამუდამოდ დასრულდა. ნიჭიერ ბიჭს მთელი სპორტული კარიერა წინ ჰქონდა, თუმცა არ დასცალდა…

mkvleloba1

თენგოს გარდაცვალებას მშობლიური სოფელიც გლოვობს.

რეზო სურმანიძე, სოფელ ახალსოფლის მკვიდრი:

-კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი გონიერი, ლამაზი და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა კაცი ცოცხალი არ არის. ჯერ ხომ საოცრად მომხიბვლელი გარეგნობა ჰქონდა, მერე ისეთი გულღია და თბილი ადამიანი იყო. დედ-მამა და დედმამიშვილები თბილისში ჰყავდა, მაგრამ თავად სოფლისკენ მოუწევდა გული, თითქოს დაემთხვა კიდეცო, -“მაჭახელაში” დაუძახეს. ვარჯიშის შემდეგ სოფელში ამოსული, ხომ დაღლილი იყო ვარჯიშით, მაგრამ მთელ სოფელს ჩამოივლიდა მაინც და მიეფერებოდა ყველას. იმ დღესაც დაღლილი იყო, მაგრამ თბილისში მაინც წავიდა – მეგობრის დაბადების დღეა და აუცილებლად იქ უნდა ვიყოო. მაგ დაბადების დღეზე დაიწყო ყველაფერი; მკვლელს არც გული ჰქონია, არც ადამიანი ყოფილა, რადგან თენგოზე ხელის აწევა და დანის დარტყმა შეძლო… ასეთი სიკეთეთ სავსე ბიჭი მოსაკლავად როგორ გაიმეტა, როგორ?! მერე კი გაიქცა და სისხლიანი დანა ქუჩაში დააგდო!

– გავრცელებული ინფორმაციით, თენგო ქუჩაში შელაპარაკებისას მოკლეს…

– ქუჩაში კი მოკლეს, მაგრამ ჩვენ როგორც ვიცით, ჩხუბი დაბადების დღეზევე დაიწყო. თანაც რაზე? – სიგარეტზე. თენგოსთვის სიგარეტი უთხოვიათ, ამას უთქვამს, -არ ვეწევიო. – რას ჰქვია არ ეწევი, რატომ არ ეწევიო და ასე დაწყებულა ჩხუბი…  სამი კაცი ერთად დაესია თურმე… მოკლედ, ეს ის ბოროტებაა, როცა ხალხს სხვისი სიკეთე შურს. მოკლედ, ბიჭმა რომ ნახა, იქ ყოფნა აღარ შეიძლებოდა, ადგა და წამოვიდა, ის ბოღმიანები და არაადამიანები ქუჩაში დაეწივნენ და დანით დაჩეხეს. ბიჭს ისეთი ჭრილობები ჰქონდა, გადარჩენა ვერ შეძლეს…

– ანუ ამბობთ, რომ რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა მკვლელობაში?

– როგორც ამბობენ, კონფლიქტი რამდენიმესთან მოუვიდა, თუმცა ერთია მხოლოდ დაკავებული. მკვლელობა დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა… თენგომ საავადმყოფომდე კი იცოცხლა, მაგრამ მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, არ ვიცი, მისმა მკვლელმა როგორ უნდა იცოცხლოს, ეს სიბოროტე როგორ უნდა ჩამოირეცხოს…

წყარო: “კვირის პალიტრა”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები