წითელაშვილი სააკაშვილზე: მან უკრაინაში შექმნა გასაიდუმლოებული ბაზა, სადაც ტერორისტებს ამზადებს

სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე და იმ ვიდეოჩანაწერებზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, მალე გამოქვეყნდება.
როგორც გაზეთ “პრაიმტაიმთან” წითელაშვილი აცხადებს, სააკაშვილი გაჩერებას არ აპირებს, მან უკრაინაში გასაიდუმლოებული ბაზა შექმნა, სადაც ტერორისტებს ამზადებს.
“როდესაც ეს კადრები უკრაინაში გავრცელდა, ჩემი კოლეგები მიკავშირდებოდნენ უკრაინიდან და მეკითხებოდნენ, თუ ასეთ რამეს აკეთებდა სააკაშვილი, ცოცხალი როგორ გამოუშვითო. როდესაც „დასკოჩილი“ ადამიანის წამების კარდები გავრცელდა, ამის მერე დაიწყო სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნება. ეს საუბრები უკრაინის სპეცსამსახურებმა მოიპოვეს. მათთან სერიოზული კავშირები აქვს კოლომოისკის. საკუთარი რესურსებით მან შექმნა ძლიერი ბირთვი და დასახა სტრატეგია, როგორ უნდა გაანადგუროს სააკაშვილი. ამიტომაც ამ უკანასკნელმა კარგად იცის, რომ მალე მას უკრაინაში აღარ დაედგომება და ყველა გზით ცდილობს საქართველოში დაბრუნებას, თუნდაც ადამიანების მსხვერპლზე გადაბიჯებით.
რაც დღეს “რუსთავი 2”- თან დაკავშირებით ხდება, ამის ხელმძღვანელობა ადგილზე დაევალა გიგა ბოკერიას. ბოკერია მანამდე იყო ჩასული უკრაინაში, როდესაც დაგეგმეს, როგორ უნდა განევითარებინათ შეიარაღებული დაპირისპირება ქვეყანაში. დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყო ამ გეგმის განხორციელება. “რუსთავი 2”-ში შეიქმნა შტაბი, რომელსაც უშუალო კავშირი ჰქონდა უკრაინულ შტაბთან. ამ ტელეკომპანიასთან უნდა შეკრებილიყო 50 ათასი ადამიანი. უკრაინიდან ჩამოსული იყო 30- კაციანი ჯგუფი. მათ მაიდანზე ჰქონდათ გამოცდილება მიღებული და კარგად იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, როდესაც დასრულდებოდა ხალხის მობილიზება ჩანაფიქრის შესაბამისად. აი როგორ უნდა განვითრებულიყო მოვლენები: როცა 50 ათასამდე ადამიანი შეიკრიბებოდა და გაპროტესტებას დაიწყებდა, ეს უკრაინიდან ჩამოსული 30 კაცი გადანაწილდებოდა მომიტინგეებში. ბუნებრივია, იქ იქნებოდა სპეცდანიშნულების დანაყოფებიც, სამართალდამცავებიც… სწორედ იქ მოახდენდნენ ისინი პროვოკაციას. რამდენიმე ადამიანი დაიღუპებოდა და ეს აქცია სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა. როდესაც ეს პროცესი განვითარებად ხასიათს მიიღებდა, უკვე რეგიონებიდან იყო მობილიზებული ადამიანთა ჯგუფის დაძვრა თბილისიდან. ამ სისხლისღვრის ფონზე სააკაშვილს ჩამოაბრძანებდნენ საქართველოში. წამების კადრების გამოქვეყნებით მოხერხდა, რომ “რუსთავი 2”-ის შენობასთან ათას ადამიანამდეც ვერ მივიდა. ეს იყო ეფექტური პრევენცია. ის კადრები, რაც უკრაინულ საიტებზე განთავსდა, საქართველოში არ ჰქონდათ ნანახი. კიდევ არსებობს სხვა კადრებიც, რომლებიც გამოსაქვეყნებლად გამზადებულია, უბრალოდ, სააკაშვილმა ამ ეტაპზე დაქირავებული ჰაკერების მეშვეობით მოახერხა მისი დროებით ბლოკირება. ამის შესახებ ინფორმაციას მაწვდიან ჩემი კოლეგები. ამასთანავე, მაქვს ინფორმაციები იმის შესახებ, არსებობს დღეს მოქმედი ზოგიერთი მინისტრისა და დეპუტატის მაკომპრომეტირებელი კადრებიც, რომლის საშუალებითაც მართავენ მათ.
სააკაშვილი არ გაჩერდება და ახლა ახალ პროვოკაციებს გეგმავს. მან უკრაინაში შექმნა გასაიდუმლოებული ბაზა და ამზადებს, პირდაპირ გეტყვით, ტერორისტებს. მას საქართველოდანაც ჰყავს ჩაყვანილი “თავისუფალი ზონის” ზოგიერთი წევრი, ყოფილი ძალოვნები. აქ მომზადებული კადრების საშუალებით ის არა მარტო სიტუაციის არევას გეგმავს, არამედ იმ ადამიანების წინააღმდეგ ანგარიშსწორებას, ვინც მას ხელს უშლის საკუთარი ბინძური გეგმის განხორციელებაში”, – ამბობს ტრისტან წითელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები