“საკონსტიტუციო სასამართლო დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში იმყოფება”!

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი შეშფოთებას გამოთქვამს, იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს სასამართლო სისტემაში სუფევს.
როგორც გია მეფარიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაშია.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო დროს გამოტანილმა გადაწყვეტილებებმა, სასამართლოსა და ხელისუფლებას შორის უფსკრული გააჩინა.
„საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის პირველი შემადგენლობის წევრი ვიყავი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირადად გახლდით, დღეს აშკარად „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში იმყოფება! აშკარაა, რომ ბოლო პერიოდში მიღებულმა რამდენიმე გადაწყვეტილებამ საკონსტიტუციო სასამართლოსა და ხელისუფლებას შორის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსა და მოსახლეობას შორის დიდი უფსკლული გააჩინა!
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არასოდეს ყოფილა ისეთი დოზით პოლიტიზებული, როგორც დღეს არის. არადა, მისი პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის გამოყენება არაფრით შეიძლება! ეს აკრძალული „ილეთია“, რომელსაც შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს!“ – აცხადებს გია მეფარიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

ამავე ინტერვიუში ყოფილი გენერალური პროკურორი იმ მოსამართლეებზე საუბრობს, რომლებიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დაუმორჩილებლობას უცხადებენ.

„საერთო სასამართლოების მოსამართლეებს შორის გარკვეული ჯგუფები გამოიკვეთა, რომლებიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს, ფაქტობრივად დაუმორჩილებლობას უცხადებენ და ეს ძალიან შემაშფოთებელია! მოსამართლეთა ძველი შემადგენლობა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის პერიოდში ჩამოყალიბდა, უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს სერიოზულ პოლიტიკურ წინააღმდეგობას უწევს და რეფორმების განხორციელების საშუალებას არ აძლევს! „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამწესებულ მოსამართლეებს ახლა უფლებამოსილების ვადები ეწურებათ და ცდილობენ სასამართლო სისტემაში ახალი თანამდებობები ისე დაიკავონ, რომ ნინო გვენეტაძეს საერთოდ არაფერი ჰკითხონ ! დღევანდელი იუსტიციის საბჭოს დღევანდელი კონფიგურაცია საშუალებას იძლევა, ვადაგასული მოსამართლეები თანამდებობაზე ისე დანიშნონ, რომ ნინო გვენეტაძემ ვერაფერი გააწყოს! იუსტიციის საბჭოში 15 წევრია, რომელთაგან 10 წინა ხელისუფლების დროს არის დანიშნული და მხოლოდ 5-ია ახალი! ასე, რომ ნინო გვენეტაძის უმცირესობაში აღმოჩნდა და მას პრობლემები აუცილებლად ექნება!“ – ამბობს გია მეფარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები