უფლებადამცველ მერაბ ბლადაძეს ასაკოვანი ქალის შანტაჟსა და ადამიანის გატაცებაში ადანაშაულებენ
დღეს აჭარაში მოქმედი კრიმინალების ინტერესებს უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე ლობირებს, რომელმაც წარსულში თავად არაერთი დანაშაული ჩაიდინა. ამის შესახებ გაზეთი “პრაიმტაიმი” წერს.
გამოცემასთან საუბრისას წყარო მერაბ ბლადაძის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ყვება.
მისი ინფორმაციით, მერაბ ბლადაძე 90-იან წლებში ადგილობრივ პოლიციაში მუშაობდა, საიდანაც ფულის გამოძალვის გამო დაითხოვეს. წყაროს თქმითვე, დაახლოებით იმავე პერიოდში მერაბ ბლადაძე ასაკოვან ქალბატონს, რომელიც მაშინ განათლების სამინისტროში მუშაობდა, გარკვეული კომპრომატით, კერძოდ, ვიდეოკასეტით წლების განმავლობაში აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა.
ინფორმირებული წყარო აცხადებს, რომ ბლადაძეს მოგვიანებით ასლან აბაშიძესთან დაეძაბა ურთიერთობა, რის გამოც იძულებული გახდა, ბრიუსელში წასულიყო, სადაც რამდენიმე წელი ცხოვრობდა.
„ამის დროც მოვა და სახალხოდ ჩამოვხსნი ნიღბებს ამ ადამიანებს, მათ შორის ე.წ. უფლებადამცველ ბლადაძეს, რომლის სახელზეც წარსულში არაერთი დანაშაულია. ჩემი ინფორმაციით და შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის უტყუარი ინფორმაცია, მერაბ ბლადაძე 90-იან წლებში მუშაობდა ადგილობრივ პოლიციაში, საიდანაც ფულის გამოძალვის გამო დაითხოვეს. როგორც მითხრეს, მაშინ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, თუმცა სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც მან დაახლოებით იმავე პერიოდში იკადრა. ასაკოვან ქალბატონს, რომელიც მაშინ განათლების სამინისტროში მუშაობდა, გარკვეული კომპრომატით, კერძოდ, ვიდეოკასეტით წლების განმავლობაში აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა. მერე. როგორც ვიცი. ასლან აბაშიძესთან დაეძაბა ურთიერთობა, რის გამოც იძულებული გახდა. ბრიუსელში წასულიყო, სადაც რამდენიმე წელი ცხოვრობდა“,-აცხადებს წყარო. თავად მერაბ ბლადაძეს, რომელსაც ასაკოვანი ქალის შანტაჟში და ადამიანის გატაცებაში ადანაშაულებენ, არ სურს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა. “საუბარი იმაზე, რომ მერაბ ბლადაძე გამოძიებას უშლის ხელს, პროვოკაციაა. გამოძიებას კი არ ვუშლი ხელს, პირიქით მოვითხოვ გამოძიებას და დამნაშვე პოლიციელების დასჯას . ჩვენი მოთხოვნაა, სანამ გამოძიება მიმდინარეობს კადრების განკარგულებაში გადაიყვანონ წამებაში ეჭვმიტანილი პოლიციელები. ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა”, – აცხადებს “პრაიმტაიმთან” საუბრისას მერაბ ბლადაძე, რომელმაც სხვა საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა. ინკოგნიტო აჭარელი ბიზნესმენი ადგილობრივი პოლიციის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს და ინფორმირებული წყაროს მსგავსად ისიც მერაბ ბლადაძის დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს. “რეალურად ეს არის ერთი დიდი კამპანია, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ამ ყაჩაღებისგან დაზარალებულებმა ხმა არ ამოვიღოთ. რაღაც მოდაში შემოვიდა, რომ არიქა პოლიციამ მცემა, გამაუპატიურა და ა.შ. რეალურად ამ ყველაფრის უკან დგას ვითომ უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე, რომლის შავ-ბნელ საქმეებზეც ახლა გიამობობთ და ალბათ ეჭვი აღარ გაგიჩნდებათ, თუ რა ინეტერესები ამოძრავებს მას. ვიმეორებ, ყველამ ყველაფერი იცის და არაფერი იმალება. ეს ადამიანები რეალურად მისი რჩევით საუბრობენ ძალადობაზე, რომ ვითომ არჩადენილი დანაშაული ეღიარებინათ. პარალელურად მან საქმეში ჩართო ვინმე ელგუჯა ხინიკაძე, რომელიც დღეს აცხადებს, რომ თითქოს 13 თვის წინ მასზეც ასეთივე ძალადობა განხორციელდა. რეალურად ეს პიროვნება ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან არაერთხელ დააპატიმრეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით”,-აცხადებს აჭარელი ბიზნესმენი.