ლიბანში ტერაქტებში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს
ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნუჰად ნაშნუკმა ტერორისტების დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებმაც 12 ნოემბერს ბეირუთში ტერაქტები მოაწყვეს. ამის შესახებ „ალ არაბია“ იუწყება. „ბი-ბი-სის“ ცნობით, დაკავებულთა შორის შვიდი სირიელი და ორი ლიბანელია.
ლიბანის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ტერორისტები საავადმყოფოს აფეთქებას გეგმავდნენ, რომელსაც მოძრაობა „ჰესბოლა“ აკონტროლებს, მაგრამ საავადმყოფომდე ვერ მიაღწიეს და თავი ქუჩაში, იმ რაიონში აიფეთქეს, სადაც, ძირითადად, შიიტი მუსულმანები ცხოვრობენ.
შეგახსენებთ, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში 12 ნოემბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა. ამ შეტევებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.