ამერიკული სადაზვერვო – ანალიტიკური კომპანია Strategic Forecasting საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული შეტევების შესაძლო შედეგებზე საუბრობს. კომპანიის ანალიტიკოსების თქმით, ეს „შოკისმომგვრელი, მაგრამ არა მოულოდნელი მოვლენაა“.
ანალიტიკური კომპანია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საფრანგეთის და ევროპის სხვა ქვეყნების მოქალაქეები „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვიან.
„შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ევროპის შიგნით თავდასხმების პერმანენტული საფრთხე არსებობს და ახლა ტერაქტების წყაროს დადგენაა აუცილებელი.
„ევროპაში ლტოლვილების ნაკადის მატებამ, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა სირია, აძლიერებს ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე ჯიჰადისტური დაჯგუფებების შეღწევის საფრთხეს“, – წერს Stratfor.
საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარმა მოვლენებმა შესაძლოა იმ პოლიტიკური ძალების პოზიციები გააძლიეროს, რომლებიც მიგრანტების მიღებაზე უარის თქმას ემხრობიან, რასაც ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა გერმანია და შვედეთი, საზღვრების ჩაკეტვა მოყვეს. საუბარია ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენის და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკლოლა სარკოზის პოზიციების გაძლიერებაზე, რომლებიც მიგრაციული კანონმდებლობის გამკაცრებას მხარს უჭერენ.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს საღამოს პარიზში ტერაქტების სერია მოხდა. ტერორისტებმა სროლა ატეხეს საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანში, გარდა ამისა, სტადიონ „სტად დე ფრანსის“: სიახლოვეს სამი აფეთქება მოხდა სწორედ იმ დროს, როდესაც იქ გერმანია – საფრანგეთის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა,. რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა, თეატრ „ბატაკლანში“, სადაც როკ-კონცერტი მიმდინარეობდა, ტერორისტებმა მძევლები აიყვანმეს. პარიზის მერიის ინფორმაციით, მძევლების აყვანის და მათი გათავისუფლების ოპერაციის დროს საერთო ჯამში 100 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 40 ადამიანი საფრანგეთის დედაქალაქის სხვა რაიონებში დაიღუპა.