ნიკა გვარამიამ, შესაძლოა, ახალი ტელევიზია გახსნას

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელსაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით, რამდენიმე დღის წინ უფლებამოსილება შეუჩერდა, შესაძლოა, ახალი ტელევიზია გახსნას. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.
ნიკა გვარამიან „ნეტგაზეთის“ სატელეფონო ზარებს დღეს არ უპასუხა. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილმა კი განაცხადა, რომ ეს საკითხი ჯერ თეორიულ დონეზე განიხილება: “ეს საკითხი ამ ეტაპზე თეორიულ დონეზე განიხილება იმ შემთხვევაში, თუკი უკიდურესი ზომები იქნება მიღებული და ტელევიზიის დატოვება მოგვიწია. თან პრემიერ-მინისტრმაც ასე გვირჩია რამდენიმე დღის წინ, „რუსთავი 5″ გახსენითო”, – განაცხადაზაალ უდუმაშვილმა.
დეტალებზე ამ საკითხის გარშემო ღიად არ საუბრობენ „რუსთავი 2“-ის სხვა წარმომადგენლები. ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა გვითხრა, რომ არ ისაუბრებს ამ თემაზე. „რუსთავი 2“-ის რამდენიმე წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ტელევიზიაში მართლაც შედგა საუბარი ახალი არხის გახსნის თაობაზე, თუმცა ისინი ამ თემაზე ღიად არ საუბრობენ. მათი განცხადებით, ეს ინფორმაცია არხის ჟურნალისტებისა და პროდიუსერებისთვის, ასევე, ტექნიკური პერსონალისთვის ცნობილი გახდა ტელევიზიაში გამართულ თათბირზე, უშუალოდ ნიკა გვარამიასგან, რომლისგანაც არხის წარმომადგენლებმა მიიღეს შეთავაზება, რომ სამუშაოდ გადაინაცვლონ ახალ არხზე, რომელიც გაიხსნება. ჯერ უცნობია „რუსთავი 2“-ის რომელი ჟურნალისტი მიიღებს ამ წინადადებას და გადაინაცვლებს ახალ არხზე.
ახალი ტელეკომპანიის შექმნის იდეაზე, რუსთავი 2-ის აქციების საკონტროლო პაკეტის ერთ-ერთმა მფლობელმა გია ყარამანიშვილმაც ისაუბრა რუსთავი-2-თან ინტერვიუში, რომელიც ეთერში გუშინ, 8 ნოემბერს გავიდა. ყარამანიშვილის თქმით, მას „რუსთავი 2“-ის ნაცვლად ახალი არხის გახსნის ინიციატივა ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნების შემდეგ გაუჩნდა, როცა მაშინდელი ხელისუფლება ოპოზიციაში გადავიდა:
“რისთვის შეიძლება ჭირდებოდეს მიხეილ სააკაშვილს ტელევიზია? რა თქმა უნდა, პოლიტიკური გავლენისთვის, არა? მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკშვილი ოპოზიციაში გადავიდა და თეორიულად სჭირდებოდა სწორედ ასეთი რეიტინგული ტელევიზია, მე და ჩემმა ძმამ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ კომპანია რუსთავი 2 გაგვეყიდა. ჩემი ძმა დავარწმუნე, რომ ჩემთვის, რუსთავი 2-ის ბრენდის გაყიდვა იყო მომგებიანი, რათა ახლიდან შეგვექმნა ახალი ტელევიზია. სრულიად სხვა ტიპის. ეს იქნებოდა თანამედროვე ტექნოლოგიებზე აწყობილი, სხვა სტილის ტელევიზია. ამის შესახებ არხის ხელმძღვანელობამ იცოდა”, – განაცხადა გია ყარამანიშვილმა.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით, რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ. ტელეკომპანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და რუსთავი 2-ის დამფუძნებელი დავით დვალი დაინიშნენ. ამას გარდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის წილის 100% საკუთრებაში დაუბრუნდა ქიბარ ხალვაშს და მის კომპანია “პანორამას”.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ამჟამინდელი მფლობელები და მენეჯმენტი ტელევიზიის შენარჩუნებისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებენ. ტელევიზიის მფლობელების ცვლილება მას შემდეგ აისახება საჯარო რეესტრში, თუკი ამ ცვლილებას საქართველოს სამივე ინსტანციიის სასამართლო დაადასტურებს.

წყარო: „ნეტგაზეთი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები