კახა მიქაიას ინფორმაციით, ზუგდიდის საკრებულოში წამების თანამონაწილეები სხედან

საკრებულოდან გარიცხვას არ ვაპროტესტებ, რადგან არანაირი სურვილი არ მაქვს, „ნაციონალურ“ საკრებულოსთან ვვასოცირდებოდე – ამის შესახებ ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
კახა მიქაიას განცხადებით, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როლანდ ახალაიას ზონდერებმა მასზე შური „ოცნების“ ხელით იძიეს.
„საკრებულოდან გარიცხვას არ ვაპროტესტებ, რადგან არანაირი სურვილი არ მაქვს, „ნაციონალურ“ საკრებულოსთან ვასოცირდებოდე. ხალხმა მინდა იცოდეს, რომ როლანდ ახალაიას ზონდერებმა ჩემზე შური „ოცნების“ ხელით იძიეს. ზუგდიდის საკრებულომ „ნაციონალებს“ „ოცნება“ აუხდინა. 25 წლის მანძილზე არასოდეს მქონია სახელისუფლებო ტრიბუნა, მაგრამ ყველა ტელევიზია და გაზეთი ჩემს კრიტიკულ სიტყვას აჟღერებდა. ჩემი სიტყვის თქმას მაშინაც ვახერხებდი, როცა შევარდნაძეს ვუპირისპირდებოდი და მაშინაც, როცა სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდი. მაგათ იდარდონ, თორემ მე ჟურნალისტებისთვის აქტუალური ვიქნები. „ოცნებაში“ პორტირებული „ნაცები“ ჩემს გაჩუმებას ვერ შეძლებენ. რომ მოვინდომო, საკრებულოშიც დავბრუნდები, მაგრამ იქ ჩემს ყოფნას აზრი აღარ აქვს. იქ ჩემი საქმე უკვე გავაკეთე“, – აცხადებს მიქაია.
საკრებულოს ექსდეპუტატი აცხადებს, რომ ის „ქართული ოცნების“ იდეის წინააღმდეგ ვერ წავა, რადგან თავადაც ამ იდეის მატარებელია.
„იმაზე კი აუცილებლად ვილაპარაკებ, როგორ გაივსო „ქართული ოცნება“ „ნაციონალებით“ და როგორ დაკარგა მან ავტორიტეტი. „ნაციონალური მოძრაობა“ დასამარებული იყო. მის წევრებს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი აღარ ჰქონდათ. ამათ კი თავიანთ რიგებში მიიღეს და ასე მოიყვანეს ხელისუფლებაში, თან, იცით, ვინ მოიყვანეს? იმ საშინელი წამებების თანამონაწილენი. ამ ადამიანებმა იცოდნენ, როგორ აწამებდნენ ხალხს და ხმას არ იღებდნენ. ამდენად, ისინი წამების თანამონაწილენი არიან“, – აცხადებს მიქაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები