ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 96 მილიონი ლარით გაიზრდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება 96 მილიონი ლარით გაიზრდება. შესაბამისი წინადადებით ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მინისტრთა კაბინეტს დღევანდელ სხდომაზე მიმართა.
ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, მთავრობას წარედგინა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 120 მილიონი ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების გეგმის გაზრდას.
ამავე დროს, 185 მილიონი ლარით მცირდება სესხება შიდა ბაზარზე. დაახლოებით 100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხებიდან 96 მილიონი ლარით გაიზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება. ასევე გაიზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროში ლიზინგისთვის გამოყოფილი თანხა 4 მილიონით, ამავე დროს, აღნიშნულ უწყებას შეუმცირდება ირიგაციისა და დრენაჟის პროექტისთვის გამოყოფილი თანხა და ეს პროექტი გადავა მომავალ წელს. გარდა ამისა, 77 მილიონი ლარით შემცირდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მინისტრთა კაბინეტს თხოვნით მიმართა, წარმოდგენილი ცვლილებები პარლამენტს მიმდინარე კვირასვე გადაუგზავნოს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობა წარმოდგენილ პროექტს დღევანდელ სხდომაზე მოიწონებს, რის შემდეგადაც დოკუმენტი განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები