ლევან მურუსიძე: თამაზ ურთმელიძის დაბარება დიდი შეცდომა იყო

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის იუსტიციის საბჭოს სხდომაზე დაბარება გაუგებერი ფორმატია, – ამის შესახებ სხდომის მიმდინარეობისას იუსტიციის საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ განცხადება საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მიმართ გააკეთა.
მურუსიძის თქმით, არაჯანსაღი აჟიოტაჟი, რომელიც “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით არის შექმნილი, სასამართლოში არ უნდა გადავიდეს.იუსტიციის საბჭოს მდივანი ფიქრობს, რომ მოსამართლე ურთმელიძის სხდომაზე დაბარება დიდი შეცდომა იყო.
“ეს არის გაუგებარი ფორმატი. მოსამართლემაც თქვა, რომ იბარებენ ანგარიშისთვის. ჩემთვის ეს არის გაუგებარი. არაჯანსაღი აჟიოტაჟი, რომელიც “რუსთავი2″-თან დაკავშირებით შეიქმნა, არ უნდა გადმოვიდეს სასამართლოში. მოვუწოდებ თავმჯდომარეს, რომ მნიშვნელოვანია, საბჭოს წევრებს ჰქონდეთ ინფორმაცია, რას აპირებენ. მე შაბათს გავიგე ის, რომ მოსამართლე უნდა მოსულიყო საბჭოს სხდომაზე და რა კითხვა უნდა დამესვა, წარმოდგენა არ მქონდა. დიდი შეცდომა იყო მისი დაბარება. ეს არის არაჯანსაღი აჟიოტაჟის სასამართლოს შიგნით გადმოტანა”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
აღნიშნული განცხადების შემდეგ ლევან მურუსიძის საპასუხოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ ვერ გაიზიარებს მის აღშფოთებას, რადგან თამაზ ურთმელიძის საბჭოს სხდომაზე მიწვევა არ ეწინააღმდეგება არც კონსტიტუციას და არც ორგანულ კანონს “საერთო სასამართლოების შესახებ”.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ ურთმელიძის სხდომაზე მიწვევა საბჭოს წინაშე ანგარიშის წარდგენას არ ნიშნავდა და ეს განპირობებული იყო საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები