ირაკლი ალასანია ხელისუფლებას მიმართავს

„გზა, რომელიც აირჩია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „რუსთავი 2-თან“ ბრძოლაში, არის ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპრების გზა“, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები საფრთხეს უქმნის არა მარტო მედიათავისუფლებას, არამედ ძირს უთხრის სასამართლო ხელისუფლებას.
ამასთანავე, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, რათა დაიგეგმოს ერთობლივი შეხვედრა მმართველ პოლიტიკურ კოალიციასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის.
„გზა, რომელიც აირჩია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-თან ბრძოლაში, არის ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპრების გზა.
ისევე, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის ოქტომბრამდე, ღამით, ფარულად და უპრინციპო მოსამართლის ხელით, ხელისუფლებამ მიიღო ყოვლად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაძაბოს პოლიტკური ვითარება.
ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები საფრთხეს უქმნის არა მარტო მედიათავისუფლებას, არამედ ძირს უთხრის სასამართლო ხელისუფლებას, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ხელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს.
კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, არ დაუშვას ძალადობრივი სცენარით მოვლენების განვითარება, გააცნობიეროს ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მას დღეს აკისრია, დადგეს საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა და უზრუნველყოს ძალის არ გამოყენება.
მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს, დავგეგმოთ ერთობლივი შეხვედრა მმართველ პოლიტიკურ კოალიციას და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის. მივმართავთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისგან. ჩვენი, პოლიტიკოსების ვალია, ვიპოვოთ გამოსავალი და არ დავაბრუნოთ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებაში.
ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები’’ ყველა ძალას ვიხმართ, რომ განვმუხტოთ ისტერიული ემოციური ფონი და პოლიტიკური პროცესები წარვმართოთ მშვიდ და გონივრულ გარემოში, რათა არ შეფერხდეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები