ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი და ებრაელი ხალხის 2600 – წლიანი მეგობრობა კიდევ მრავალ საუკუნეს გაგრძელდება და გაღრმავდება,–ამ სიტყვებით დაიწყო ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ, იული ედელშტეინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა.
საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის დელეგაციას დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მთავარი საკითხები განიხილეს. აღინიშნა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული წარმატებული თანამშრომლობა. ხაზი გაესვა ისრაელთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მნიშვნელობას და ყურადღება გამახვილდა ტურიზმის, ვაჭრობისა და სექტორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა საქართველოს პარლამენტსა და ისრაელის ქნესეთს შორის გუშინ გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს.
„ჩვენი ურთიერთობა ვითარდება სწრაფად და სწორი მიმართულებით. კმაყოფილები ვართ უვიზო მიმოსვლის შესახებ მიღწეული გადაწყვეტილების გამო. ვხედავთ ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის შედეგებს. განვიხილეთ საერთაშორისო ვითარება და ის გამოწვევები, რის წინაშეც დგას საქართველო. არსებობს კარგი შესაძლებლობა, ორივე მხარე დავეხმაროთ ერთმანეთს და გავუზიაროთ გამოცდილებები“,– განაცხადა იული ედელშტეინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.