გიორგი კვირიკაშვილი: ყოველდღე ჩვენ ვართ მოწმეები „მცოცავი ანექსიისა“

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერია და ორივე მხარე სრულად აცნობიერებს ამ თანამშრომლობისა და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრატეგიული ქარტიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, და განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ს ძალისხმევა არაღიარების პოლიტიკის გატარებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით დარეგულირების მხარდაჭერისათვის.
„ყოველდღე ჩვენ ვართ მოწმეები „მცოცავი ანექსიისა“, რაც გამოიხატება ტერიტორიების მილიტარიზაციასა და „ბორდერიზაციაში“, ასევე, ე.წ. შეთანხმებების გაფორმებაში საოკუპაციო რეჟიმებთან, რაც საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში. ამ კონტექსტში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო აშშ-ს მიერ არაღიარების პოლიტიკის გატარება და ასევე მისი ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ძალისხმევის მიმართ მშვიდობიანი გზით გადავჭრათ კონფლიქტი”, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ, ამის საშუალებას კი, მისი განცხადებით, იძლევა სტრატეგიული ქარტიის ოთხივე მიმართულება, რაც სრულყოფილად მოიცავს სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა არეალს.
„მინდა განსაკურებული მადლობა გადავუხადო აშშ-ს ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ პროგრესს ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ეფექტურად ვსარგებლობთ ინტეგრაციის ყველა არსებული მექანიზმით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ჩათვლით. იმედი გვაქვს, რომ ნატოს სამიტი ვარშავაში სათანადოდ შეაფასებს ქვეყანაში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს. ჩვენ გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს ნატოში ინტეგრაციისკენ და ჩვენ იმედი გვაქვს აშშ-ს მთავრობის ძლიერი მხარდაჭერის ამ თვალსაზრისით”,-აღნიშნა მინისტრმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, გაგარძელოს საკუთარი წვლილის შეტანა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„მე მსურს კვლავ დავადასტურო საქართველოს ავღანეთში მიმდინარე ,,გადამწყვეტი მხარდაჭერის’’ მისიაში მონაწილეობა. მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ს მთავრობას ჩვენი დაჭრილი ჯარისკაცების დახმარებისთვის”, – აღნიშნა მინისტრმა.
მან ხაზი გავუსვა, აშშ-ს განსაკუთრებულ როლს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში.
„ეფექტური რეფორმების განხორციელებით ჩვენ მივაღწიეთ კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას, ტრანსპარენტობასა და ეფექტურ მმართველობას, მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები