საოკუპაციო ხაზის მონახულების შემდეგ უცხოელი ელჩები დავით უსუფაშვილს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ეუთოში ამერიკის, კანადის, რუმინეთის, შვედეთის და ლიტვის ელჩებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრამდე სტუმრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით დაინტერესდნენ. როგორც შეხვედრაზე პარლამენტის წევრებმა აღნიშნეს, რუსეთის ზეწოლას ქვეყანა იმ შემთხვევაში გაუძლებს, თუ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები იქნება ძლიერი. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემები სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე უნდა მოგვარდეს. დეპუტატების განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი ოკუპაციაზე სასაუბროდ ის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომელიც მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იქნეს გამოყენებული, რათა მონაწილე მხარეებმა კონსესუსს მიაღწიონ. საქართველოს პარლამენტის წევრებმა კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზეც. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და მთავარ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს კონსესუსი. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ნატო-სკენ სვლის თვალსაზრისით, კიდევ უფრო მეტია სამუშაო და საქართველო ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ წევრობისთვის საჭირო ვალდებულებები შეასრულოს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანა მნიშვნელოვან წინსვლას ვიზალიბერალიზაციის მიმართულებითაც მოელის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობაა. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნა,საჭიროა უფრო ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა კიდევ უფრო მეტმა მოქალაქემ იგრძნოს.
ეუთოს ელჩთა განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ საქართველო და მისი პრობლემატიკა მუდმივად ფიგურირებდეს ეუთოს დღის წესრიგში. მათივე თქმით, მათი საქართველოში სტუმრობის მიზანი ქვეყნის პრობლემატიკის უფრო ახლოს გაცნობაა. როგორც ელჩებმა აღნიშნეს, მათი ინტერესების სფეროშია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, მედია თავისუფლების, და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ირგვლივ არსებული თემები.
შეხვედრას, დავით უსუფაშვილთან ერთად, გიორგი ვოლსკი, გიორგი წერეთელი და ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.