ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ საქართველოში არავინ იდგება კანონზე მაღლა
ორმხრივი შეხვედრისა და ოქმზე ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ორმხრივი ურთიერთობები, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რეგიონული უსაფრთხოების თემები- ორი ქვეყნის ლიდერებმა შეხვედრის დეტალები შეაჯამეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ტაავი რიივასს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ვიზების ლიბერალიზაცია ქვეყნის ევროინტეგრაციის დღის წესრიგის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.
„ლიბერალური სავიზო რეჟიმის შემოღება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსა და მისი ევროპული არჩევნის ურყევი მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება და გატარებული რეფორმების ესოდენ სასურველი რეალური შედეგი“, – აღნიშნა პრემიერმა.
მანვე საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის თავისუფლების კუთხით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო მედიის თავისუფლების მხრივ პირველია რეგიონში.
პრემიერ-მინისტრმა ქართულ კანონმდებლობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია 10 დღის ვადაში ტელევიზიის გახსნა.
მისი განცხადებით, ხელისუფლების მთავარი მიზანია მედიათავისუფლების შენარჩუნება. რაც შეეხება “რუსთავი 2”-ის შესახებ არსებულ დავას, პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის, რომელშიც ხელისუფლება, რასაკვირველია, არ ერევა. “ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ საქართველოში არავინ იდგება კანონზე მაღლა. ეს არის ჭეშმარიტი დემოკრატია და ეს არის ევროკავშირის მთავარი ღირებულება, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ესტონეთისა და საქართველოს შორის გააქტიურებულ ურთიერთობებს და საქართველოს ევროპულ მომავალს გაუსვა ხაზი ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი უნდა შეფასდეს ობიექტურად, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებებით.