ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ესტონეთი იყო და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და მტკიცე მხარდამჭერად ევროპული და ევროატლანტიკური ევროინტეგრაციის პროცესებში – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე ისაუბრეს.
ესტონეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს მთავრობის მეთაურს ესტონელმა კოლეგამ საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. ტაავი რიივასმა ირაკლი ღარიბაშვილს რეზიდენცია დაათვალიერებინა და აივნიდან ძველი ქალაქის ხედები აჩვენა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების მთავარი საკითხები განიხილეს. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული თანამშრომლობის მნიშვნელობა აღინიშნა და ხაზი გაესვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ მეგობრულ, საერთო ფასეულობებსა და ინტერესებზე დაფუძნებულ მჭიდრო ურთიერთობებს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, ორი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებს. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ესტონელი ბიზნესმენები დაინტერესებულები არიან საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით.
მხარეებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის გამოყენების გზებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა ესტონეთის მდიდარი გამოცდილება ელექტრონული მმართველობისა და ინოვაციების სფეროებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ტაავი რიივასს 2016-2018 წლებში(ორი წლის ვადით) საქართველოს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად არჩევასთან დაკავშირებით გამოხატული მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები