პრემიერი: ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს ჯანსაღი, თავისუფალი და კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას

ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს ჯანსაღი, თავისუფალი და კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას – ამის შესახებ საქართველოს პრენიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “რედისონ ბლუ ივერიაში”, საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. კონფერენციის სახელწოდებაა – “აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდავეთში, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში ღირსეული დასაქმების, სოციალური თანასწორობისა და მდგრადი განვითარების საკითხები”.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დაწყებისას მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს – გაეროს, მსოფლიო ბანკის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლობებს. ასევე საპატიო სტუმრებს – სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდავეთის, უკრაინისა და ბელარუსიის მთავრობების წევრებს.
“მისასალმებელია, რომ ამ კონფერენციაში მონაწილეობენ კერძო სექტორისა და ბიზნესპალატების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აგრეთვე დასაქმებისა და სოციალური საკითხებით აქტიურად დაკავებული დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველო მასპინძლობს რეგიონალურ კონფერენციას, რომელიც ეძღვნება დასაქმების საკითხებს”,- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, დღევანდელი კონფერენცია კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ წარიმართოს დიალოგი დღეისათვის შრომის ბაზარზე არსებულ ყველაზე მწვავე პრობლემებთან დაკავშირებით.
“ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა შეძლოს თავის შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება, თავისი ცოდნის, კომპეტენციის სწორი მიმართულებით წარმართვა, სწორედ ამიტომ მხარს ვუჭერთ და მივესალმებით ასეთი კონფერენციის ჩატარებას და ყველა ინიციატივას, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრის გზებს დასახავს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესსექტორის ხელშეწყობა. სწორედ ბიზნესს, ბიზნესსექტორის განვითარებას შეუძლია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ხალხის დასაქმება. ამიტომ, ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს ჯანსაღი, თავისუფალი და კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები