რვა საჯარო სკოლაში მანდატურები პირველად შევიდნენ

ახალ სასწავლო წელს სკოლის მანდატურები 3 რეგიონის 8 საჯარო სკოლაში პირველად შევიდნენ და თავიანთი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურის სამსახური ამოქმედდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს საჯარო სკოლაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: გამარჯვების, ყარაჯალისა და ქესალოს საჯარო სკოლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაზრეთისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლებში. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალოს საჯარო სკოლაში მანდატურები ნოემბრიდან შევლენ, სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლაში კი – ახალი წლიდან.
სკოლებში შესვლამდე მანდატურები გადამზადდნენ, მათ გაიარეს ყველა აუცილებელი ტრენინგმოდული და ფლობენ შესაბამის სერტიფიკატებს.
უწყების ცნობით, ბოლო ორი წლის მანძილზე მანდატურის სამსახურმა მნიშვნელოვანი თვისობრივი და შინაარსობრივი ცვლილება განიცადა და ჩამოყალიბდა როგორც უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ინსტიტუცია, რომელიც სკოლას კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს მანდატურის, ფსიქოლოგიური ცენტრებისა და სკოლებში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სახით.
მნიშვნელოვანად შეიცვალა მანდატურის ფუნქცია და დღეს იგი ორიენტირებულია მოსწავლის/სტუდენტის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისა და პედაგოგის უსაფრთხოებაზე, დანაშაულის პრევენციაზე. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მანდატურის სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობა, გასულ წელთან შედარებით 30%-ით შემცირდა საჯარო სკოლაში მომხდარი დანაშაულის რიცხვი. მანდატურები მუდმივად ეცნობიან საერთაშორისო გამოცდილებას და ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, იმაღლებენ კვალიფიკაციას, ხდება მათი გეგმაზომიერი გადამზადება ახალი პროგრამების მანდატურის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა UNICEF, USAID, PH International და NASRO. ეს თანამშრომლობა ეფექტურს ხდის საქმიანობას. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები