იაკობ გოგებაშვილის 175 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატები იაკობ გოგებაშვილის 175 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, სახელწოდებით „დედაენელები“ დაესწრნენ.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიება თბილისის ძველ მუზეუმში, ქარვასლაში გაიმართა და ის „დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა“ და იაკობ გოგებაშვილის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული. საკრებულოს თავმჯდომარე საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვიდა და ქართველი ერის წინაშე იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ისაუბრა.
„საკრებულო თავიდანვე ჩაერთო და მხარი დაუჭირა ამ ღონისძიების ჩატარებას. იაკობ გოგებაშვილის მიერ შექმნილი დედაენა ჩვენი სულიერი ძეგლია. იაკობ გოგებაშვილი დიდი ილიას თანამებრძოლი იყო. ისინი ერთად იბრძოდნენ არა სახელისა და დიდებისათვის, არამედ სამშობლოსათვის. დედაენის შემქმნელი ამ ბრძოლაში უკომპრომისო იყო და მან ქართული ენა გადაარჩინა“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
უწყების ცნობით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველების ფოტოგამოფენა, წარწერით, რომელშიც თითოეული მათგანი განმარტავდა, თუ რა არის მისთვის დედაენა, მათ შორის საკრებულოს დეპუტატები რიმა ბერაძე და გულიკო ზუმბაძე. საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და ქართული საზოგადოების ყველა სფეროს ღვაწლმოსილი წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.