„ევროპის ტყის“ მე -7 მინისტრთა კონფერენცია დასრულდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ ესპანეთში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. მინისტრის მოადგილე მადრიდში „ევროპის ტყის“ მე -7 მინისტრთა კონფერენციას დაესწრო, სადაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში სატყეო დარგში არსებული გამოწვევები გააცნო.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფრორმაციით, კონფერენციაში 46 წევრი ქვეყნის 100- მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, სადაც ევროპის კონტინენტზე სატყეო დარგში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს.
მხარეებმა მწვანე ეკონომიკაში ტყის სექტორის წვლილის გაზრდისა და ტყეების დაცვის გაუმჯობესების შესახებ რეზოლუციებს მოაწერეს ხელი. ასევე, განახლებული ტყის მდგრადი მართვის ინდიკატორები დაამტკიცეს, რომლებიც საქართველოს სატყეო დარგის მომავალ სტრატეგიულ დოკუმენტებში აისახება და ხელს შეუწყობს საქართველოში სატყეო სექტორის განვითარებას. კონფერენციის ფარგლებში 5 „მრგვალი მაგიდა“ გაიმართა, სადაც ტყეების დაცვაზე, გლობალურ გამოწვევებზე და მათ რეგიონულ დონეზე გადაჭრის მექანიზმებზე გაამახვილეს ყურადღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები