მოზარდმაყურებელთა თეატრში „სალამურა“ ახალი ინტერპრეტაციით დაიდგმება
25 ოქტომბერს, 13 საათზე მოზარდმაყურებელთა თეატრი პატარებს მორიგ საჩუქარს სთავაზობს – არჩილ სულაკაურის ყველასთვის საყვარელ ნაწარმოებს ჩვენს სცენაზე ახლებური ინტერპრეტაციით იხილავთ.
„სალამურას“ ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი კოტე მირიანაშვილია.
წარმოდგენა გაჯერებულია მუსიკითა და ორიგინალური ქორეოგრაფიით. ორმოქმედებიან წარმოდგენაში პატარები შეხვდებიან მათთვის კარგად ნაცნობ პერსონაჟებს: სალამურასა და ციცინათელების მწყემსს ბაიას, გაბღენძილ მეფე ქონდარ მეთხუთმეტეს, დედოფალ ქონდარინეს და მათ ვაჟს, უფლისწულ ქონდარუხს, გაიძვერა ქონდართუხუცესს, ბრძენ კინა-ლოკოს და მრავალ სხვას.
ჯიუტი და თავნება უფლისწული ქონდარუხი სიზმრად ციცინათელების მწყემსს – ბაიას ნახავს და მასთან თამაშს მოიწადინებს. ამიტომ ღამის შიკრიკები ბაიას იტაცებენ და ქონდარეთში მიჰყავთ. ჭიამაიების მწყემსი ბიჭუნა სალამურა კი, მშვენიერი ბაიას გადასარჩენად გაემართება, გზად მას ბევრი თავგადასავალი ელის: ბაგირზე სიარულსაც ისწავლის და მუშტი-კრივსაც, ახალ მეგობრებსაც შეიძენს. შეძლებს თუ არა სალამურა ბაიას გადარჩენას, ამას მაყურებელი თეატრის სცენაზე თავად იხილავს.