ვანო აბულაძის სამგანზომილებიანი კომპოზიცია „თი-ბი-სი გალერეაში“
დღეს, „თი-ბი-სი გალერეა“ ვანო აბულაძის გამოფენას მასპინძლობს. „თეთრი ციებ-ცხელება“, – ასე ჰქვია გამოფენა-აქციას, რომლის ფარგლებშიც მხატვარმა პირველად წარმოადგინა 3 სამგანზომილებიანი კომპოზიცია, ანუ ობიექტი და ასამბლაჟის ტექნიკით (სხვადასხვა მასალითა და ნივთებით,მათ შორის ავტომობილის ნაწილებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით) შესრულებული 25-ზე მეტი ნამუშევარი.
ვანო აბულაძის პოპარტი პრინციპულად განსხვავდება მის მიერ წინა წლებში შექმნილი ნამუშევრებისგან, თუმცა მხატვარი თავის თემატურ ხაზს აგრძელებს და გროტესკით გაჯერებულ კომპოზიციებს გვთავაზობს. ექსპოზიციაზე, რომელიც სპეციალურად „თი-ბი-სი გალერეისთვის“ შეიქმნა, ცნობილი მხატვარი ზუსტად ცხრა თვის განმავლობაში მუშაობდა. ვანო აბულაძის ნამუშევრები “უნგრეთის ხელოვნების მუზეუმში” , “მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში”, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, აშშ-ის და საქართველოს კერძო კოლექციებშია დაცული.
მხატვრის ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბით არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის ფარგლებში გამოიფინა. ვანო აბულაძის გამოფენას „თი-ბი-სი გალერეა“ უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველად მხატვრის ნამუშევრები “ძველი და ახალი ბათუმი“ „თი-ბი-სი გალერეაში“ 2014 წელს გამოიფინა. „თეთრი ციებ-ცხელება“ დამთვალიერებელს „თი-ბი-სი გალერეაში“ 6 ნოემბრამდე ელოდება.