ქართველი მწერლები ბოლნისს ეწვევიან

22 ოქტომბერს, 17:00 საათზე პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში, ქართველი მწერლები – ანა კორძაია-სამადაშვილი და ზურაბ ქარუმიძე ბოლნისს ეწვევიან და კულტურის ცენტრში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საკუთარ ნაწარმოებებს გააცნობენ.
შეხვედრის დროს, საუბარი შეეხება ლიტერატურული პროცესების განვითარების მნიშვნელობას. ინტერაქციის რეჟიმში მწერლები გამართავენ დიალოგს ადგილობრივ მკითხველებთან. ასევე შედგება ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი კომპიუტერული შემეცნებით-გასართობი პროგრამის „ერთიანი საქართველოს“ პრეზენტაცია და მოეწყობა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაღებული ფილმის „მანადარინების“ ჩვენება.
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით და გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა: ლიტერატურული საღამო სოფელ დიცში (27 ოქტომბერი); თბილისში – ფოლკლორის ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“, სადაც, კულტურათაშორისი დიალოგის გასაღრმავებლად, ეთნიკური უმცირესობების ფოლკლორული ანსამბლებისა და სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები მუსიკალურ-ფოლკლორულ ტრადიციებსა და რეგიონებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების კულტურულ მემკვიდრეობას წარმოაჩენენ; ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ (სამცხე ჯავახეთი და ქვემო ქართლი), ასევე საზღვრისპირა (სოფელი დიცი) რეგიონებში ნაჩვენები იქნება ლევან თუთბერიძის ფილმი „მოირა“.
ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლების ხელშესაწყობად, პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი, ორენოვანი კომპიუტერული შემეცნებით-გასართობი პროგრამის პრეზენტაციას. ქართულ-სომხურენოვანი და ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი მეგა თამაშები, სახელწოდებით ,,ერთიანი საქართველო“, ერევნულ უმცირესობათა კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. თამაშები ქართული ანბანის, მუსიკის, მხატვრობის, ლიტერატურის, გეოგრაფიის შესახებ ვრცელ ინფორმაციას მოიცავს და ახალგაზრდებს ქართული ისტორიისა და კულტურის შესწავლაში, საერთო ცნობიერების ჩამოყალიბებასა და ინფორმირებულობის ამაღლებაში დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები