ლიტერატურული კონკურსი „წერო“ იწყება
დღეს, 11:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ გამოცხადებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ლიტერატურული კონკურსი “წერო” ინტერნეტ სივრცეში, ელექტრონული წიგნების ვებგვერდზე: lit.ge-ზე ჩატარდება.
კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე საუკეთესო ნაწარმოებებს კონკურის 7-კაციანი ჟიური (მწერლები, რედაქტორები, კრიტიკოსები) დაასახელებს. მეორე ეტაპზე შერჩეულ ნაწარმოებებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს მკითხველი. მკითხველებს ნაწარმოებების შეფასების გარდა, ვებგვერდზევე ექნებათ საშუალება, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაშრომის შესახებ. ყველაზე აქტიური მკითხველები ელექტრონული მაღაზია lit.ge-ს ვაუჩერით დასაჩუქრდება. მკითხველისთვის სპეციალურ პრიზს ასევე ფარმაცევტული კომპანია GPC აწესებს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებულები (I, II, III ადგილები, ჟიურის სპეციალური და სხვა პრიზები) 11 დეკემბერს, მწერალთა სახლში, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან. პირველი პრემია: ლიტერატურული პრემია “წერო” და 4000 ლარი; მეორე პრემია: 2000 ლარი; მესამე პრემია: 1000 ლარი; კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პრესკონფერენციას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთი დუმბაძე, კონკურსის ორგანიზატორი მაშო სამადაშვილი და კონკურსის მხარდამჭერი – ფარმაცევტული კომპანია GPC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თეა ჯავახიშვილი.