კონსერვატორიაში იტალიური საოპერო მუსიკის საღამო გაიმართება
დღეს, 19.00 საათზე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან თანამშრომლობით, კონსერვატორიის დიდ დარბაზში იტალიური საოპერო მუსიკის საღამო ჩატარდება. სცენაზე წარდგებიან კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ორკესტრი, გოგი ჭიჭინაძის დირიჟორობით, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტები და კონსერვატორიის სტუდენტები.
საღამოზე დასწრება უფასოა. იტალიური საოპერო მუსიკის საღამოზე, ვერდისა და პუჩინის, როსინის, დონიცეტისა და ჩილეას საყოველთაოდ ცნობილი საოპერო არიები შესრულდება. კონცერტი იტალიური ენის მეთხუთმეტე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში იმართება და იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება. წლევანდელი კვირეულის სახელწოდებაა: „იტალიური ენა მუსიკაში და იტალიური ენის მუსიკალურობა“.