ეროვნული არქივის რვა ხელნაწერი იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეიტანეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რვა უძველესი ხელნაწერი იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეიტანეს. ქართული ხელნაწერები იმ 47 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2015 წელს შეემატა. ეს გადაწყვეტილება მიიღო იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტმა, რომლის სხდომა არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, აბუ-დაბიში 4-6 ოქტომბერს გაიმართა. რეესტრში შესატანად 61 ქვეყნიდან 88 კოლექცია თუ ცალკეული დოკუმენტი იყო წარდგენილი. აღნიშნული შეხვედრა ორწლიანი განხილვის დასკვნით ეტაპს წარმოადგენდა. იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეტანილი ხელნაწერები ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში ხვალ, 21 ოქტომბერს ერთი დღით გამოიფინება.