ოტავაში ქართველი პიანისტის – ედიშერ სავიცკის კონცერტის პარალელურად ფოტოგამოფენაც გაიმართა
ოტავას უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში, კანადაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, აშშ-ში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი პიანისტის ედიშერ სავიცკის კონცერტი გაიმართა. კონცერტის პარალელურად, მიმდინარეობდა ფოტოგამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“, რომელზეც წარმოდგენილი იყო უძველესი ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშები და ქართული ანბანის მრავალსაუკუნოვანი ისტორია.
საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ კანადის საგარეო უწყების, დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური და სამეცნიერო წრეების, ხელოვნების სფეროს, ქართული სათვისტომოსა და პრესის წარმომადგენლები. ქართული ხელოვნებისა და კულტურის ღრმა ტრადიციების გაცნობის გარდა, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და მინერალური სასმელები.