„მთავარი როლები და შემსრულებლები“ – დღეს დავით ჭელიძის კრებულის წარდგინება გაიმართება
დღეს, 18 საათსა და 30 წუთზე საქართველოს მწერალთა სახლში სპორტული ჟურნალისტის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის დავით ჭელიძის წიგნის: „მთავარი როლები და შემსრულებლები“ წარდგინება გაიმართება.
წიგნი დაკაბადონდა გამომცემლობა „ბერიკონში“ და ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების ეგიდით გამოიცა. კრებული, რომლის რედაქტორია მარიამ წიკლაური, მწერალ როსტომ ჩხეიძის თანადგომით გამოიცა.
დავით ჭელიძე 1974 წლიდან დღემდე სპორტულ ჟურნალისტად მუშაობს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. 10 წიგნის ავტორია. როგორც იგი წინასიტყვაობაში წერს, კრებული საიუბილეოა, 15 წელი აშორებს პირველ გამოცემას, მაშინ 50 წლის იყო, ახლა კი 65 წლისაა და ამ ვრცელ კრებულში, სპორტული ამბების გარდა, ბიოგრაფიული დეტალებიც არის წინ წამოწეული. ვახტანგ ჭელიძის ოჯახში გაზრდილს გასახსენებელი და მოსათხრობი ბევრი აქვს.
წიგნი შეჯამებაა მისი ცხოვრებისა, იგი აერთიანებს რუბრიკებს: „საქართველოს მომავლისათვის“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა“, „მეოთხე ხელისუფლება“, „ესტრადა“, „გონიერსა მწვრთნელი უყვარს“, „მისი უდიდებულესობა სპორტი“, „გამორჩეული მოვლენები“, „პირველი დღიდან დღემდე (ფოტოისტორია)“.
600-გვერდიან წიგნს წინ უძღვის მარიამ წიკლაურის, დიანა ტყებუჩავას, იოსებ ჭუმბურიძის, გოჩა კაჭარავას, თამარ მიქაძის, თენგიზ გაჩეჩილაძის, გუჯა ბერიშვილის, ვაჟა სიმონიშვილის, რუსუდან ბურჯანაძის წერილები.