საერთაშორისო ფესტივალი – „საჩუქარი“ იწყება
დღეს, 14.00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება პრესკონფერენცია ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარის“ შესახებ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 17 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ გაიმართება. ერთი თვის განმავლობაში მაყურებელი იხილავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ წარმოდგენას, დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, შეხვდნენ ცნობილ რეჟისორებს, მსახიობებსა და თეატრის კრიტოკოსებს. ფესტივალს ეწვევიან: საშა ვალცი, დიმიტრი კრიმოვი, დადა მასილო, რიმას ტუმინასი.
ფესტივალის ფარგლებში, ასევე გაიმართება სიმონ მაჩაბლისა და ნატალია კლდიაშვილის პერსონალური გამოფენები, პირველად იტალიის საელჩოსა და ფლორენციის ფესტივალის „ინტერსითის“ ორგანიზებით, მოდერატორი მიქელე პანელა იტალიური თეატრის შესახებ ისაუბრებს.
ფესტივალი საზეიმოდ, 17 ოქტომბერს გაიხსნება. ამავე დღეს, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი 2015“-ის ლაურეატები გამოვლინდებიან.