„ჯიფონი – საქართველო“ დღეს გაიხსნება

დღეს, 11:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საერთაშორისო კინოფესტივალი „ჯიფონი – საქართველო“ გაიხსნება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 16-19 ოქტომბერს, თბილისი პირველად მასპინძლობს, საერთაშორისო კინოფესტივალს „ჯიფონი – საქართველო“. ფესტივალში მონაწილეობს 13-დან 18 წლამდე ასაკის 500-მდე ახალგაზრდა საქართველოდან, იტალიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ხორვატიიდან.
თბილისს ასევე ეწვევიან მოზარდები საქართველოს საზღვრისპირა რეგიონიდან – პანკისის ხეობიდან და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან – ნიქოზიდან და ერგნეთიდან. 4 დღის განმავლობაში ბავშვებისთვის მოეწყობა კინოჩვენებები და გაიმართება დისკუსიები ინგლისურ ენაზე.
საერთაშორისო ფესტივალის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ანსამბლ „სუხიშვილების“ მასტერკლასი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის წარმოდგენა, ინტელექტუალური თამაში: “რა? სად? როდის?“ და სხვა.
ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ კომპიუტერული თამაშებისა და ფოტოგრაფიის შექმნის ისტორიას, ასევე მონაწილეობა მიიღონ ხატვის, ანიმაციისა და კადრირების ვორკშოპებში. ფესტივალის ფარგლებში მოწვეული სტუმრები წაიკითხავენ ლექციებს სხვადასხვა თემაზე -ლევან ბერძენიშვილი ისაუბრებს კინოსა და ლიტერატურაზე, მიშა მდინარაძე – კინომუსიკაზე, რატი ამაღლობელი – პოეზიაზე, ზაზა აბაშიძე – ისტორიის ცნობილ და უცნობ პირებზე, ხოლო გურამ წიბახაშვილი ახალგაზრდებს ფოტოხელოვნებას გააცნობს. ფესტივალის სპეციალური სტუმრები იქნებიან „ოსკარზე“ ნომინირებული რეჟისორი ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, კახი კავსაძე, ნინო კასრაძე და სხვა ცნობილი ქართველი მსახიობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები