„ახალდაბის მეწყერულ ზონაში, ნაპრალებში წყალი იყინება, მეწყრის უბნები აქტიურდება და მეწყერსაშიშროება იზრდება“

„ახალდაბის მეწყერულ ზონაში ივნისის თვეში მოწყვეტილი მასის 1/3 ისევ ფერდობზეა დარჩენილი და ბოლომდე ჩამოსული არ არის“,- აღნიშნული განცხადება „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა ლაშა სუხიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
სუხიშვილის განცხადებით, ქანი, რომელზეც მეწყერი ჩამოვიდა, დანაპრალებულია. ნაპრალებში წყალი ჩადის, იყინება და ნაპრალებს შორის მანძილსა და მეწყრის ალბათობას ზრდის.
„ძირითადი ქანი, რომელზეც მეწყერი ჩამოვიდა, საკმაოდ გამოფიტული და დანაპრალებულია. ეს ნაპრალიანობა ამ სეზონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან შემოდგომაზე და ზამთარში ამ ნაპრალებში წყალი ჩადის და ღამის საათებში იყინება. წყლის გაყინვა იწვევს მისი მოცულობის გაზრდას და, შესაბამისად, იზრდება მანძილი ნაპრალებს შორის. გაყინვის შედეგად მეწყრის ეს უბნები აქტიურდება და ამით მეწყერსაშიშროება იზრდება. სეზონისთვის დამახასიათებელია უხვი ნალექი. ასეთი ამინდი მეწყრის საფრთხეს ზრდის, თუმცა არსებული მონაცემები არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სწორედ იმ მეწყრის დარჩენილი მასა დაიძვრება. თუ ახალდაბის მეწყერი დაიძვრება, დიდ კატასტროფულ შედეგებს არ გამოიწვევს, მაგრამ სახიფათო და საყურადღებოა“, – აღნიშნა ლაშა სუხიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები